ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, მისმა ნათესავებმა და გარემოცვის წევრებმა ცხრა წლის განმავლობაში კერძო თვითმფრინავებით საერთაშორისო ფრენებზე დაახლოებით 13.1 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი მედია „პროექტი“ (Proekt) წერს, რომელმაც რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის 2014-2023 წლების მონაცემთა ბაზა მოიპოვა.
მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში კადიროვმა და მისმა გარემოცვამ ბიზნეს-კლასის თვითმფრინავებით 187-ჯერ ფრენა იფრინეს. კადიროვის სულ მცირე 63 ნათესავს საერთაშორისო მგზავრობისთვის კერძო თვითმფრინავი ერთხელ ან რამდენჯერმე გამოუყენებია. თავად კადიროვმა ასეთი 31 ფრენა განახორციელა. ფრენების ძირითადი მიმართულებები იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და უზბეკეთი.
კადიროვის ფრენების უმეტესობა Airbus A319 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა, რომლის სარეგისტრაციო ნომერია RA-73417. თვითმფრინავი VIP-ბორტად იყო გადაკეთებული. „პროექტის“ მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღნიშნული თვითმფრინავი 137 ფრენისთვის გამოიყენეს, რომელთა საერთო სავარაუდო ღირებულებამ დაახლოებით 10.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
რუსული დამოუკიდებელი მედია „დოჟდი“ (TV Rain) 2017 წელს, საკუთარი გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებულ შეფასებაში წერდა, რომ თვითმფრინავის ფასი დაახლოებით 80 მილიონი დოლარი შეიძლებოდა ყოფილიყო. 2022 წელს ის სრულად კადიროვების ოჯახის საკუთრებაში გადავიდა. მის მფლობელად კადიროვის ბიძაშვილი შაჰრუდდი ედილგირეევი იყო მითითებული.
კადიროვების ოჯახთან დაკავშირებული ყველაზე ძვირადღირებული ფრენა 2023 წლის იანვარში განხორციელდა, როდესაც კადიროვის ვაჟი ზელიმხან (ელი) კადიროვი პრესსამსახურის თანამშრომელთან ერთად ტაილანდში გაემგზავრა. „პროექტის“ შეფასებით, ფრენის ღირებულებამ 219 000 დოლარი შეადგინა. ტაილანდში ზელიმხან კადიროვი რამდენიმე თვის განმავლობაში UFC-ის ჩემპიონ ხამზატ ჩიმაევთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად ვარჯიშობდა.
2021 და 2023 წლებში მალდივების მიმართულებით ოთხი ფრენა: კადიროვის ძმისშვილის, იაკუბ ზაკრიევის, ოჯახის წევრებისა და კადიროვის ორი ქალიშვილის, მათი ქმრებისა და შვილების მონაწილეობით – თითოეული თითქმის 200 000 დოლარი დაჯდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩეჩნეთში საშუალო ხელფასი თვეში 500 დოლარს შეადგენს.
„პროექტმა“ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებული ფრენების მონაცემებიც გააანალიზა, თუმცა მათი ხარჯები კადიროვების ოჯახის დანახარჯებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები აღმოჩნდა. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერმა რაშიდ თემრეზოვმა მგზავრობაზე სულ მცირე 375 000 დოლარი დახარჯა, ხოლო ადიღეთის ლიდერმა მურატ კუმპილოვმა – 15 000 დოლარი.
კერძო ფრენების შესახებ მონაცემები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „პროექტმა“ კადიროვის ფინანსებისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების შესახებ რამდენიმე გამოძიება ჩაატარა. 2024 წელს მედია გამოაქვეყნა მასალა კომპანიების: Benofon-ის, Orbita-სა და Izumrud-ის შესახებ, რომლებიც, „პროექტის“ ცნობით, შუამავლებად გამოიყენებოდა ჩეჩნეთის ბიუჯეტთან და კადიროვთან დაკავშირებულ ბიზნესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თანხების გადაადგილებისთვის. „პროექტის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წელს Benofon-ის ანგარიშებზე დაახლოებით 64 მილიარდი რუბლი გადაირიცხა.
„პროექტი“ ასევე იკვლევდა კადიროვის დედის, აიმანი კადიროვას ხელმძღვანელობით მოქმედი ახმატ კადიროვის ფონდის ხარჯებს. 2022 წელს ფონდმა საქონელსა და მომსახურებაზე 506 მილიონი რუბლის (6.1 მილიონი დოლარის) ხარჯი დააფიქსირა. RFE/RL-ს ადრე ყურადღება ჰქონდა გამახვილებული ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ კითხვებსა და მისი ხარჯების შესახებ საჯარო განცხადებებზე, რომელთა ნაწილზეც პასუხები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.