„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე გერმანიის ახალ ელჩს ტონს უწუნებს.
გორდულაძე გამოეხმაურა ბარბარა ფოსის განცხადებას, რომელიც მან გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და თქვა, რომ „ოთხი გერმანული ფონდი იძულებული გახდა, დახურულიყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“.
„ოცნების“ წევრმა „მოუწოდა მოქმედ თუ ყოფილ ელჩს, დარჩნენ ვენის კონვენციის ფარგლებში და მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ“.
საქართველოში მომუშავე 4-მა გერმანულმა ფონდმა: კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ნაუმანის, ფრიდრიხ ებერტის და ჰეინრიხ ბიოლის ფონდებმა 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში მუშაობა შეაჩერეს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო. მათი განცხადებით, აქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამების თითოეული კომპონენტი მთავრობის პრიორიტეტებისთვის დაექვემდებარებინათ, გრანტებზე კი ნებართვა არ გასცა.
გორდულაძე ირწმუნება, რომ ფონდების განცხადება, თითქოს საქართველოში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ აქვთ, არასწორია.
ამავე დროს, გორდულაძემ დაადასტურა ის, რაც ფონდებმა თქვეს:
„გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, „გრანტის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს იმის მიხედვით, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკრეტული გრანტის გაცემას და ხომ არ არსებობს, მისი შეფასებით, სუვერენიტეტთან დაკავშირებული რისკები“, – თქვა „ოცნების“ წევრმა.
გორდულაძე ასევე აცხადებს, რომ ფონდებს შეეძლოთ, სხვა მიმართულებით გრანტების გაცემის სურვილი გამოეთქვათ და ამ შემთხვევაში შესაბამისი თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიემართათ. მისი თქმით, თუ ორგანიზაციები ამ პროცედურის გავლას არ თანხმდებიან, ეს მათი არჩევანია.
„ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ, ვინმე სადმე დარჩეს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ გაქვთ სურვილი, რომ გასცეთ გრანტი, შეათანხმეთ საქართველოს მთავრობასთან“, – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა.
მისი თქმით, თუ ფონდებს მომავალშიც ექნებათ საქართველოში საქმიანობის გაგრძელების სურვილი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებენ, ამის შესაძლებლობა ექნებათ.