კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (26/09/26 - 02/10/26)

პუბლიკა

პატიმარი გიორგი დავითაძე ამბობს, „ბადრაგმა გააუპატიურა“, პენიტენციური ინფორმაციას უარყოფს

„TV პირველმა“ გამოაქვეყნა პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიოჩანაწერი, სადაც ის დეესკალაციის ოთახში 10-მდე ბადრაგის მხრიდან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. პატიმრის ოჯახის წევრები მედიასთან აცხადებენ, რომ დავითაძეზე ზეწოლა 2025 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი  მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას და ძალადობის ფაქტებზე გამოძიებას ითხოვენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, უწყების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და აცხადებს. 2 ოქტომბერს პენიტენციურმა გაასაჯაროვა ვიდეოც, სადა ჩანს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა. პენიტენციურის განცხადებით, კადრებში ჩანს, თუ როგორ უტარებენ თანამშრომლები დავითაძეს „იძულებით შემოწმებას“. მსჯავრდადებულის დედის თქმით, ვიდეო სრული არ არის და მასალა, რომელიც პროკურორმა მას ანახა 20 წუთამდეა.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ვიდეომასალების დეტალური შესწავლისას ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ გამოკვეთილა, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე პროკურატურის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

გიორგი დავითაძე „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის შვილია. დავითაძის ოჯახი მედიასთან პირველად 21 სექტემბერს გამოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძეზე დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.

ოჯახის განცხადებით, 3 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან აქცია გაიმართება.

მედპერსონალის თქმით, სარჯველაძე ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას ფრაზის „ჯანდაცვის მინისტრთან წაიყვანეთ“ გამო უპირებს

1 ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ექიმებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელისგან, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას უკანონოდ ითხოვს. ბოლქვაძის თქმით, ამის მიზეზი ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნათქვამი ფრაზა გახდა, როდესაც კლინიკის გადატვირთულობის გამო სასწრაფო დახმარების კითხვას, თუ სად წაეყვანათ პაციენტი, მან უპასუხა, რომ „ჯანდაცვის მინისტრთან წაეყვანათ“.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბოლქვაძემ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. მინისტრის მტკიცებით, ექიმმა მიზეზის გარეშე განაცხადა უარი 85 წლის პაციენტის მიღებაზე მაშინ, როცა კლინიკაში თავისუფალი ადგილები იყო, რაც მისი თქმით, მძიმე დარღვევაა. სარჯველაძე ექიმს ემუქრება და აცხადებს, რომ მომხდარზე სამართლებრივი რეაგირება იქნება.

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ფიფიას, ირემაძეს, მჟავანაძეს, აბულაძეს, კამბოლოვსა და გაგლოევს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც სულ 31 ფიზიკურ პირს შეეხო. მათ შორის მოხვდა საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებიც პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებასა და ოკუპირებულ დონეცკში ვიზიტში არიან მხილებულნი. დასაქნცირდნენ ოკუპირებული ცხინვალის მოქმედი და ყოფილი ე.წ. პრეზიდენტებიც.

სანქციების დაწესებას კახა კალაძის სიძე პაატა აბულაძე სოციალურ ქსელში განცხადებებით გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს „საუკეთესო საჩუქარია“ და დასძინა, რომ აქამდე უხერხულად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ სხვები უკვე დასანქცირებულები იყვნენ და თვითონ არა.

საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობა გაგრძელდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის საპატრიარქოდან კონკრეტული მიწვევა არ ყოფილა, თუმცა ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

„ინტერპრესნიუსთან“ კომენტარში ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ეკლესიებს შორის ურთიერთობის პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯა არასწორია. კითხვაზე, უკრაინაში მიმდინარე ომისა და კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის ფონზე რატომ უნდა შედგეს ვიზიტი, მან უპასუხა, რომ სხვადასხვა ეკლესიაში მომხდარი მიუღებელი მოვლენები ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი არ არის. განცხადებას წინ უძღოდა 30 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის დელეგაციის მასპინძლობა.

„ოლე–ოლას“ სიმღერისა და Facebook-პოსტების გამო შსს–მ აქციის მონაწილეებისა და ვახო სანაიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრზე, ანა ჩიქოვანზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის166-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმის წარმოება დაიწყო. სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 3 სექტემბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე ანა ჩიქოვანი მღეროდა სიმღერას „ოლე–ოლას“. აღნიშნული მუხლი 500-დან 3 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ანალოგიური მიზეზით საქმის წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია პროტესტის სხვა მონაწილეებმაც მიიღეს.

პარალელურად, შსს–მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ჟურნალისტ ვახო სანაიას წინააღმდეგაც. უწყებამ სავარაუდო სამართალდარღვევად შეაფასა მისი ორი Facebook-სტატუსი და ვიდეომიმართვა, რომლებიც შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძეს ეხებოდა. ვახო სანაიას საქმის მასალები ჯერ არ ჩაჰბარებია.

ეს მესამე საქმეა, რომელიც შსს–მ ვახო სანაიას წინააღმდეგ დაიწყო ჟურნალისტს უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა და ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.

ქსკ „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა. თამაშის დაწყებისას ფეხბურთელებმა მეტოქეს ხელი არ ჩამოართვეს, ბურთი აიღეს და მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

ქსკ „ლანჩხუთმა“ მალევე გამოაქვეყნა პოსტი Facebook-ზე. პროტესტის მიზეზად „ნიკე ლუსოსთან“ დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები და კლუბის ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე დაასახელა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე–ლუსო“ გამოეხმაურა ქსკ „ლანჩხუთის“ მიერ 29 სექტემბრის მატჩის ჩაშლასა და გაჟღერებულ ბრალდებებს. კლუბის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, თურქი ბიზნესმენ მეჰმეთ უიარის „მოძალადედ“ მოხსენიება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაა, კლუბის განცხადებით, ცილისწამების გამო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას აპირებენ.

ირანის ელჩმა საელჩოს შენობა ქეთევან დედოფლის ფოტოთი გაანათა — სეიედ ალი მოჯანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

26 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ საელჩოს შენობის ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით გაანათა. ელჩმა ფოტო სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს გამოსახულება „იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს“ და რომ „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“. მან ასევე დაანონსა, რომ ქეთევან დედოფალთან და ისტორიულ წყაროებთან დაკავშირებით ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს მალე გააზიარებდა.

აღნიშნულის გამო ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანელ დიპლომატს განუმარტა, რომ მისი განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს, უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე და მოუწოდა, თავი შეიკავოს მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან, რათა ქართულ მხარეს დამატებითი ზომების მიღება არ დასჭირდეს.

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტის დარღვევის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.

ComCom-ის განმარტებით, საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტების მხრიდან პირადი მოსაზრებები ჟღერდებოდა, ხოლო ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორებიცაა „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“ და „ივანიშვილის პრემიერი“, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მაუწყებლის სუბიექტურ დამოკიდებულებას წარმოადგენს. ამგავრ დარღვევებზე „ფორმულა“ ბოლო ერთ წელში უკვე მეოთხედ დააჯარიმეს.

„ხალხს მინდა ვკითხო“ – ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გავრცელა

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მორიგი საჯარო წერილი გამოაქვეყნა. ტექსტში იგი საკუთარ პოლიტიკურ წარსულს მიმოიხილავს და პრემიერ–მინისტრის პოსტზე საქმიანობის პერიოდს აფასებს, როგორც ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდისა და სტაბილიზაციის ეტაპს. ის ხაზს უსვამს მისი მმართველობის დროს მიღწეულ ეკონომიკურ მიღწევებზე და ასევე ყურადღებას ამახვილებს საგარეო მიღწევებზე, მათ შორის 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.

წერილის ბოლოს ღარიბაშვილი საზოგადოებას კითხვით მიმართავს: „მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“

166-ე სკოლის მშობლებმა განათლების სამინისტროს ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართეს

166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და პედაგოგებმა განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართეს და სკოლის ახალი შენობის აშენებამდე ალტერნატიული ფართის გამოყოფა მოითხოვეს.

სკოლის შენობა 2023 წელს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას დაზიანდა, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნით მისი დემონტაჟი და ახლის აშენება გადაწყდა. ამჟამად 166-ე სკოლის მოსწავლეები ორ სხვადასხვა სკოლაში არიან გადანაწილებულნი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი სკოლის პროექტი წლის ბოლომდე მომზადდება, მშენებლობის ტენდერი კი გაზაფხულზე გამოცხადდება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან მალევე, ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 10-ზე მეტი საჯარო სკოლა დაიკეტა, რასაც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა. მათ შორის იყო თბილისის 21-ე საჯარო სკოლაც, სადაც თავდაპირველად შენობის დემონტაჟი დაანონსდა, თუმცა აქციებისა და დამატებითი ექსპერტიზის შემდეგ განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა, სკოლა სასწავლო წელს შენობაში დაასრულებს, ზაფხულიდან კი სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია დაიწყება.

უცხოეთი

თავდასხმა Flydubai–ს რეისზე, თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა

30 სექტემბერს, დილით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Flydubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა Boeing 737MAX 8, რომელიც დუბაი–თელ–ავივის რეისს ასრულებდა, განგაშის სიგნალი გაგზავნა და იძულებული გახდა საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვებულიყო. დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით ერთი საათი რჩებოდა, როცა თვითმფრინავმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა, ვარდნა დაიწყო და ორ წუთზე ნაკლებ დროში 5 000 მეტრზე მეტი სიმაღლე დაკარგა. თვითმფრინავში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად, ისრაელის მოქალაქეები.

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ომანის მოქალაქემ, მეორე პილოტმა, დანით დაჭრა ინდოელი კაპიტანი სმიტ მაჩჰარი და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

რეისის მგზავრების განცხადებით, მათ მეორე პილოტი შეაჩერეს, რის გამოც კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული. ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისთან ვიდეოზარისას დაჭრილმა კაპიტანმა მაჩჰარმა გაიხსენა, რომ იატაკზე მძიმედ დაჭრილი იწვა, როდესაც იგრძნო, რომ თვითმფრინავი ვარდნას იწყებდა: „ჩემს თავს ვუთხარი, რომ უკანასკნელი ძალები უნდა მომეკრიბა, რათა კარი შიგნიდან გამეღო… რა თქმა უნდა, მე საკუთარი სიცოცხლისთვისაც ვიბრძოდი, მაგრამ იმავდროულად ვიცოდი, რომ მგზავრების სიკვდილი არ უნდა დამეშვა“. როგორც ის ყვება, კარის გაღებისთანავე კაბინაში მგზავრები შევარდნენ, თავდამსხმელი გაანეიტრალეს. ბორტზე, მგზავრთა სიაში იმყოფებოდნენ პილოტები, რომლებმაც ხომალდი საუდის არაბეთში მშვიდობით დასვეს.

გადარჩენის ოპერაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ქართული წარმოშობის ისრაელელმა ექიმმა შოთა მუსაევმა. საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებით, მუსაევი ერთ–ერთი პირველი შევარდა კაბინაში ტერორისტის გასანეიტრალებლად, რის შემდეგაც კაპიტან მაჩჰარს კრიტიკულ სიტუაციაში ძლიერი სისხლდენა შეუჩერა და მისი მდგომარეობა დაშვებამდე დაასტაბილურა. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელი საუდის არაბეთში დააკავეს, ხოლო ისრაელმა ქვეყანაში flydubai-ს ფრენების შეჩერება და იმ გარემოების გამოძიება მოითხოვა, თუ როგორ მოხვდა ისრაელის მიმართულებით რეისზე ომანის მოქალაქე, რომელთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს.

რუსეთის იერიშები უკრაინის ქალაქებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე რუსეთის ჯარებმა დრონებით, რაკეტებითა და მართვადი ავიაბომბებით მასშტაბური შეტევები განახორციელეს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ხარკოვზე, ოდესასა და სუმიზე. იერიშების შედეგად არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

1-2 ოქტომბერს რუსებმა იერიში მიიტანეს კიევის სამხრეთის ხიდზე, სადაც დაზიანდა ხიდის საყრდენი, გზის საფარი და მეტროს დამცავი ბეტონის კონსტრუქცია, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. 2 ოქტომბერს დილით, დედაქალაქის დარნიცკის რაიონში დრონი 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა და დაიღუპა ერთი ადამიანი. ორი კი დაშავდა. იერიშები იყო წინა დღეებშიც: 1-ელ ოქტომბერს დრონით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია 16-სართულიან სახლში, სკოლასა და საწყობებში, 28 სექტემბერს კიევის ოლქში შეტევას 3 ადამიანი ემსხვერპლა და 8 დაშავდა. ამასთან, დაზიანდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ფარმაცევტული კომპანია და ავტოგასამართი სადგურები.

მძიმე ვითარებაა სხვა რეგიონებშიც. ქალაქ ხარკოვში, მართვადი ავიაბომბებით საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაშავდა 25-მდე ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.

უკრაინის იერიშები რუსეთის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო, სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები გააძლიერეს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო დღეებში დარტყმები მიაყენეს სამხედრო ქარხნებსა და დრონების ინფრასტრუქტურას, დაბომბეს საოკუპაციო ძალების პოზიციები. იერიშები განხორციელდა ნავთობობიექტებსა და ნავთობის ადამამუშავებელ ქარხნებზე კრასნოდარში ვოლგოგრადსა და სამარაში. რუსულმა მხარემ რეგიონებში ხანძრები, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანება დაადასტურა. ამ მოვლენების ფონზე, სანქტ–პეტერბურგში ოქტომბერში დაგეგმილი ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის კონცერტი ოფიციალურად გაუქმდა.

გასულ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოიყენა ახალი ბალისტიკური რაკეტა FP-7. ახალი ბალისტიკური რაკეტა უკრაინულმა კერძო კომპანია Fire Point-მა შექმნა. რაკეტას 200 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ავითარებს 1500 მ/წმ–მდე სიჩქარეს.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგმა 1,53-ზე მილიონზე მეტ სამხედროს მიაღწია.