ევროპარლამენტში საქართველში პარტიების აკრძალვაზე რეზოლუციის ექვსი პროექტია წარდგენილი 

პუბლიკა

ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებთან დაკავშირებით რეზოლუციის ექვსი პროექტია წარდგენილი.

პროექტებს ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ, ხოლო მანამდე, დღეს, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტში დებატები გაიმართება.

ექვსივე დოკუმენტი ერთსა და იმავე პროცედურას უკავშირდება და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხება.

ხუთი პოლიტიკური ჯგუფი: EPP („ევროპის სახლხო პარტია“), S&D (“სოციალ-დემოკრატების პარტია“) Renew Europe („განახლებული ევროპა“), Greens/EFA („მწვანეები და თავისუფალი ევროპული ალიანსი“) და ECR („ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტია“) მკაფიოდ ეწინააღმდეგება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს.

მნიშვნელოვნად განსხვავებულია ულტრამემარჯვენე ESN-ის („ევროპა სუვერენული ერებისთვის“) მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც სასამართლო პროცესის შეჩერებას არ ითხოვს და აქცენტს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დამოუკიდებელი სასამართლოს როლზე აკეთებს.

ხუთი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის პროექტებში საერთო პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიასთან შეუთავსებელია.

მათ ასევე მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები უფრო ფართო დემოკრატიულ უკუსვლას წარმოადგენს და მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, მშვიდობიანი პროტესტისა და პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას.

EPP, S&D, Renew Europe, Greens/EFA და ECR საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ დემოკრატიული უკუსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აზიანებს.

ხუთივე ჯგუფი, სხვადასხვა ფორმით, ასევე მოითხოვს ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ დევნასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პროექტი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გაწვევას მოითხოვს.

EPP განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და აღნიშნავს, რომ 23 სექტემბერს ახალი მოსამართლეების დანიშვნა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

EPP-ის ტექსტში ასევე საუბარია „კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად გამოყენებაზე“.

გარდა ამისა, EPP ახსენებს თბილისში კონრად ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის საქმიანობის ხელის შეშლა.

EPP ასევე მოითხოვს მიზანმიმართულ სანქციებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) პროექტი განსაკუთრებით მკაცრია პოლიტიკური პატიმრების საკითხზე.

ჯგუფი მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და კონკრეტულად ასახელებს:

  • მიხეილ სააკაშვილს;
  • გიორგი ბარამიძეს;
  • ნიკა მელიას;
  • ელენე ხოშტარიას;
  • მზია ამაღლობელს.

ECR ასევე მოითხოვს ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნას.

ჯგუფი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი პროტესტი და 2024 წლის არჩევნების გასაჩივრება ლეგიტიმური პოლიტიკური საქმიანობაა და პარტიის აკრძალვის საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

ECR-ის ტექსტში ასევე არის მკაფიო აქცენტი რუსეთის გავლენაზე. დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციის გაჩუმება რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ხოლო საქართველო სანქციების გვერდის ავლისა და რუსული და ირანული უკანონო კაპიტალის ჰაბად გამოიყენება.

„მწვანეების ჯგუფი“ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ფართო კონტექსტში განიხილავს და საუბრობს მშვიდობიანი პროტესტის, გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებზე.

ჯგუფი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დააწესეს ორმხრივი სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, ხოლო სანქციები ასევე აქვთ დაწესებული აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს.

Greens/EFA მოითხოვს, რომ ევროკავშირმა დააწესოს ევროკავშირის მასშტაბით მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ფართო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

„განახლებული ევროპის“ პროექტი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ტექნიკურ მხარეზე.

ჯგუფი წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ სარჩელის განმეორებით ცვლილებასა და ხელახლა შეტანას, მათ შორის ახალი პარტიების დამატებას, შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის განსაზღვრული ცხრათვიანი ვადა თავიდან იწყება.

Renew-ის შეფასებით, ეს ოპოზიციას „დაშლის მუდმივი საფრთხის“ ქვეშ ამყოფებს.

ჯგუფი ასევე მოითხოვს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით დაკავებული პირების გათავისუფლებას, ვენეციის კომისიასთან სრულ თანამშრომლობასა და მისი რეკომენდაციების შესრულებას.

Renew ასევე ახსენებს საქართველოში გერმანული ფონდების ოფისების დახურვას.

სანქციებთან დაკავშირებით კი ჯგუფი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რეჟიმის წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების, მათ შორის მოსამართლეებისა და სხვა სასამართლო თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვა დააწესონ.

„სოციალისტებისა და დემოკრატების“ (S&D) პროექტი ხაზს უსვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების მანდატები ცალმხრივად გააუქმა და საკონსტიტუციო სარჩელში საბოლოოდ შეიყვანა „საქართველოსთვის“, რომელიც ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა.

S&D-ის შეფასებით, მისი აკრძალვის მცდელობა აჩვენებს, რომ საქმე მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებს არ ეხება, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდნენ.

ჯგუფი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლოში პოლიტიკურად მოტივირებული დანიშვნების გამო და მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნამ შესაძლოა ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება უზრუნველყოს.

S&D ასევე მოითხოვს სანქციებსა და ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვას ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერებისთვის.

პროექტში ცალკე არის ნახსენები „პუბლიკის“ დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც 2025 წელს ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.

ულტრამემარჯვენე „ევროპის სუვერენული ერების“ (ESN) ჯგუფის ტექსტი დანარჩენი ხუთი პროექტისგან მკვეთრად განსხვავდება.

ESN არ მოითხოვს საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევას და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას უპირისპირდება იმავე ფორმით, როგორც სხვა ჯგუფები.

დოკუმენტი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი ზომა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს.

ESN მიიჩნევს, რომ პარტიის აკრძალვის უფლებამოსილება მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს უნდა ჰქონდეს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ და გარე აქტორს, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

ჯგუფი ასევე ევროკავშირს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და მაგალითად თავად ESN-ის ევროპული პოლიტიკური პარტიის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწყებულ პროცედურას ასახელებს.

ESN-ის ტექსტში არ არის მოთხოვნა ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

ექვსი ცალკე პროექტის არსებობის მიუხედავად, პარლამენტის საბოლოო პოზიცია, სავარაუდოდ, ერთ საერთო ტექსტში ჩამოყალიბდება.

EPP-ს, S&D-ს, Renew Europe-ს, Greens/EFA-სა და ECR-ს რეზოლუციების ტექსტების საერთო მთავარი ნაწილი, სავარაუდოდ, შეეხება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის დაგმობას, პოლიტიკური პლურალიზმის დაცვას, რეპრესიული კანონების შეცვლას ან გაუქმებას, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტას, ევროკავშირის მხრიდან დამატებით ზეწოლას და სანქციებს.