ლაშა ჩაჩანიძე, რომელიც აცხადებს, რომ გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო სცემეს, გამომძიებელმა გამოჰკითხა

პუბლიკა

მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე, რომელიც აცხადებს, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო სცემეს, წუხელ გამოჰკითხეს.

როგორც ადვოკატი ანა აკოფოვა ამბობს, ლაშა ჩაჩანიძემ ჩვენებაში თქვა, რომ მასზე ბადრაგების გარდა სპეციალური დანიშნულების რაზმმაც იძალადა. ადვოკატის თქმით, ჩაჩანიძეს ბადრაგების ამოცნობა შეუძლია, თუმცა სპეცრაზმის წევრების – არა.

„დეტალურად აღწერა ყველა ის ნიუანსი, რომელიც მოხდა ინციდენტის დროს: როგორ გაიყვანეს საკნიდან, როგორ ჩაიყვანეს დეესკალაციის ოთახში და შემდგომ დეესკალაციის ოთახიდან როგორ გაიყვანეს გვირაბის მეშვეობით. ჩვენი ვარაუდით, არის აღჭურვილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით ეს ადგილი მთლიანად. გაიყვანა დაახლოებით 7-10-მა ბადრაგმა, რომელთაც ჯერ ასწიეს ჰაერში, გაატრეს სწრაფად დერეფანი, დაახეთქეს იატაკზე, სადაც უკვე იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ლაშას სხეულის დაზიანებები აღრიცხული იქნა, ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და შემდგომ უკვე ეს დეტალებიც მიაწოდა გამომძიებელს“ – ეუბნება ადვოკატი „პუბლიკას“.

შეკითხვაზე, რატომ ივარაუდა ლაშა ჩაჩანიძემ რომ ოთახში სპეცრაზმის თანამშრომლებიც იყვნენ, ანა აკოფოვა განმარტავს, რომ ამ პირებს სპეციალური აღჭურვილობა ეცვათ და სახე დაფარული ჰქონდათ.

„ბადრაგის ყველა წევრს ამოიცნობს სახეზე. ასახელებს კიდეც ზოგს – ერთი ეს არის შოთა ტრაპაიძე, რომელიც მონაწილეობდა ინციდენტში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე „მიშკა“, რეჟიმის უფროსი და დანარჩენებს რაც შეეხება, სახელებს ვერ ასახელებს, თუმცა ამოცნობას შევძლებო, ამბობს.

სპეცრაზმის წევრების ამოცნობას ფიზიკურად ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ისინი აღჭურვილები იყვნენ ფორმებით, შენიღბულები იყვნენ“, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ადვოკატი მოითხოვს, პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროოს ლაშა ჩაჩანიძესთან დაკავშირებული კადრები. აკოფოვას თქმით, უწყების მიერ ამ დრომდე გავრცელებულ არც ერთ კადრში ლაშა ჩაჩანიძე არ ჩანს.


პატიმარი ლაშა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელკეტებით სცემეს იმის გამო, რომ გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა.

ანა აკოფოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს, ის საკნიდან გაიყვანეს და ათამდე პირმა სცემა.

ამასთანავე ჩაჩანიძემ ადვოკატს მოუყვა, რომ ასევე იძალადეს კიდევ რამდენიმე მსჯავრდებულზე. ადვოკატის თქმით, ლაშა ჩაჩანიძეს აქვს „სერიოზული დაზიანებები მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე, მუცელზე“. ანა აკოფოვამ, მისივე თქმით, რეაგირებისთვის მიმართა სახალხო დამცველს, პროკურატურას და აპენიტენციურ სამსახურს, რომლისგანაც ელოდება განმარტებას.

„პუბლიკა“ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში ადვოკატის ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.