დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ნიკოლოზ მჟავანაძე სანქციებს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის ფაქტობრივი „სადამსჯელო ოპერაცია“ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მათ პოლიტიკას არ იზიარებენ. მისი აზრით, ოფიციალური ახსნა, თითქოს მან რუსეთის სასარგებლოდ მოამზადა ნიადაგი ან კრემლის პროპაგანდისტია, აბსურდულია.
მჟავანაძის თქმით, სანქციების შედეგად მას შეეხო სერიოზული შეზღუდვები: საქართველოს ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ მოემსახურებიან, ვერ აიღებს ხელფასს ან ჰონორარს. გარდა ამისა, პრობლემები შეექმნება სოციალურ ქსელებსა და YouTube-არხის მონეტიზაციას, რაც, მისი თქმით, მიზნად ისახავს მის იზოლირებას და მედიასივრცეში განადგურებას.
„მთლად საიუმოროდ და სახუმაროდ არ არის, მეგობრებო, ეს სანქცია. მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება, ფაქტობრივად წართმეული მაქვს. ვერც ერთი ბანკი ვერ მომემსახურება“, – აცხადებს ის.
ამავე მიმართვაში მჟავანაძე აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ ქვეყნის ბანკები უსიტყვოდ ემორჩილებიან და აღასრულებენ ბრიტანულ სანქციებს. იგი სვამს კითხვას, რამდენად დამოუკიდებელია სახელმწიფო, თუკი მოქალაქეებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებით ფინანსურ საქმიანობას უზღუდავენ.
1 ოქტომბერს ბრიტანული სანქციები შეეხოთ ოკუპირებული ცხინვალის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.
სანქციების სიაში მოხვდა შვიდი ადამიანი, რომლებიც პროკრემლური დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ – მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა: მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე და გიორგი ირემაძე.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი და საერთაშორისო მდივანი, ხელმძღვანელობდა ქართველ პოლიტიკოსთა დელეგაციას, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეხვდა და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ბრიტანეთის მხარე ასევე აცხადებს, რომ ფიფია რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა.
გიორგი ირემაძესთან დაკავშირებით ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ ის, როგორც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, აღნიშნულ დელეგაციაში მონაწილეობდა და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ნიკოლოზ მჟავანაძე, ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, დელეგაციის წევრი იყო და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დოკუმენტში ის ასევე მოხსენიებულია როგორც საქართველოში რუსულენოვანი ტელეარხის დამფუძნებელი.
პაატა აბულაძეც, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, დელეგაციის წევრი იყო და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სანქციები ამ პირების შემთხვევაშიც მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა შეზღუდვებს.