პროკურატურის ცნობით, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროტესტის მონაწილე სერგეი ყანჩელი წერს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ამბობს, რომ პოლიციელები მასზე სექსუალური ხასიათის მუქარასაც მიმართავდნენ და პოლიციის მხრიდან ძალადობას თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს.
„სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ. მომიწევს, აგიხსნათ, რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაცრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკედრზე და სხვა სხეულის ნაწინელებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დაიტოვა თავისი დანაშაულის ადგილი.
მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ „აკაცუკად” და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.
ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა.
რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამინების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული”, – წერს ის.
სერგეი ყანჩელის ადვოკატის გიორგი მხეიძის თქმით, მათ მიმართეს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება.
ადვოკატი ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის საფუძველზე, რაც არის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, შესაბამისი დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით და ასევე მოითხოვენ გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.