კობახიძის თქმით, 70 წლამდე ასაკის ადამიანების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 70 წლამდე ასაკის ადამიანების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.

„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.

აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. მინდა, შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება.

2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე – 540 მილიონი ლარი.

შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა.

აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.

ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“, – თქვა კობახიძემ.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირების პენსიის 20 ლარით ზრდა იყო დაგეგმილი.

ამავე პროექტით, 70 წელზე მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 60 ლარით და გახდება 555 ლარი;

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერების პენსია იქნება 468 ლარი;

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერების პენსია იქნება 665 ლარი.