სააპელაციო სასამართლომ ელისაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლის გაჩენის მცდელობის საქმის განხილვა დაიწყო. ამ საქმეზე ელისაშვილი დამნაშავედაა ცნობილი და 13 წელი აქვს მისჯილი.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომელიც შედგება მოსამართლეებისგან: ლავრენტი მაღლაკელიძე, პაატა სილაგაძე და თეა ლეონიძე.

ელისაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის აცილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ მაღლაკელიძე 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილის მოადგილე იყო.

კოლეგიამ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ლავრენტი მაღლაკელიძის თქმით, სუსში მისი მუშაობის პერიოდში მას ელისაშვილთან არც ირიბი და არც პირდაპირი კავშირი არ ჰქონია.

ამავე პროცესზე მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის პროცესზე მისვლის შუამდგომლობა.

სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.

ომბუდსმენის განცხადებით, განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.

ელისაშვილის ადვოკატების შეფასებით, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს გამოაცხადა.

ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა.

ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დამხმარე შენობაში ცეცხლის გაჩენის მცდელობა აღიარა, თუმცა აცხადებდა, რომ მისი მიზანი პროტესტი იყო და არა ტერორისტული აქტის ჩადენა.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად დაწყებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა, შემდეგ ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით შეიცვალა.

საქმეზე ანალიზი მოამზადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“.

ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლომ ვერ შეძლო ტერორიზმის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნის დამტკიცება, რაც პოლიტიკოსის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევის საფუძველს ქმნის.