ავტორები: ნეიტ ოსტილერი და რაფიგ შაჰბაზოვი
ერთი შეხედვით ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებულმა რამდენიმე საკითხმა გამოააშკარავა ანკარასა და ბაქოს შორის არსებული უფრო ღრმა უთანხმოება, რომლის საფუძველიც ორ ქვეყანას შორის ძალაუფლების არათანაბარი განაწილება და ურთიერთობაში არსებული ასიმეტრიაა.
„ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ – ასე ახასიათებდა ხოლმე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ განუყოფელ კავშირებს.
აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში თურქეთი ბაქოს ყველაზე ძლიერ და თანმიმდევრულ მოკავშირედ იქცა თანამშრომლობის მრავალ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი უარყოფს მთიანი ყარაბაღის მეორე ომში უშუალო მონაწილეობას, თურქული სამხედრო მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი, ისრაელის შეიარაღებასთან ერთად, გადამწყვეტი აღმოჩნდა სომხეთზე გამარჯვებისთვის.
მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში ფარულმა დაძაბულობამ ზედაპირზე ამოხეთქა. დაპირისპირების ცენტრში მოექცა აზერბაიჯანში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა, ანკარის უკმაყოფილება ბაქოს ისრაელთან ალიანსის გამო და კითხვები მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დროს თურქეთის მხარდაჭერის შესახებ. უფრო ღრმა დონეზე, ამ უთანხმოებამ ასევე წარმოაჩინა აზერბაიჯანის სულ უფრო მკვეთრი გეოპოლიტიკური პოზიცია და თურქეთის მზადყოფნა, ხაზი გაუსვას თავის „უფროსი ძმის“ სტატუსს.

„ჰიჯაბის აკრძალვა ჩვენს მოძმე ქვეყანაში, აზერბაიჯანში“
უახლესი დაპირისპირება აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების სადავო აკრძალვამ გამოიწვია.
აზერბაიჯანის მთავრობის მცდელობა, შეზღუდოს სკოლებში ჰიჯაბის ტარება როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისთვის, ქვეყანაში დიდი ხანია, მწვავე განხილვის საგანია. 2010 წელს საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, აკრძალვა უკან გაეწვია. მსგავსი აკრძალვა თურქეთშიც მოქმედებდა 2014 წლამდე, თუმცა მას შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუსლიმი ქალების უფლებებისა და მათი რელიგიის, მათ შორის ჰიჯაბის ტარების უფლების დამცველად წარმოჩინდა.
სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ერდოღანმა სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვა გააკრიტიკა და მას „ქალთა ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმა“ უწოდა. მან ეს საკითხი „ისლამოფობიას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ ის „დასავლეთში ჭირივით ვრცელდება“. ერდოღანს აზერბაიჯანი არ უხსენებია, თუმცა ბევრმა მისი განცხადებები სწორედ ბაქოსკენ მიმართულ გზავნილად აღიქვა.

თურქულმა მედიამ და მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან“ (AKP) დაკავშირებულმა პოლიტიკოსებმა ასევე დაგმეს ეს გადაწყვეტილება და ერდოღანს მოუწოდეს, საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან წამოჭრას.
ამავდროულად, თურქეთში რელიგიურმა ორგანიზაციებმა სტამბოლში, აზერბაიჯანის საკონსულოსთან, საპროტესტო აქციები გამართეს და შეზღუდვების გაუქმება მოითხოვეს. ზოგიერთმა გამომსვლელმა რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა და ეჭვქვეშ დააყენა „მოძმე ერების“ ურთიერთობის საფუძვლები.
„მედიის მიერ ამ გადაწყვეტილების წარმოჩენა, როგორც „თავსაბურავის აკრძალვა ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში“, სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა აქციაზე ლიტერატურათმცოდნე აჰმედ ქერიმ ართუქმა, – „სეკულარული ავტორიტარიზმის, ისლამოფობიისა და საგარეო პოლიტიკაში სიონისტ მჩაგვრელებთან თანამშრომლობის გამო ეს ხელისუფლება ჩვენი მოძმე ვერ იქნება. ბაქოს ხელისუფლებამ ღაზაში ჩვენი მოწამეების სისხლს აზერბაიჯანელი დების ცრემლებიც დაუმატა“.
ამ სიტყვებით მან ჰიჯაბის აკრძალვა აზერბაიჯანის ისრაელთან ხანგრძლივ ურთიერთობას დაუკავშირა – ეს ბაქოსა და ანკარას შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სადავო საკითხია.
აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირები ისრაელთან
აზერბაიჯანისა და ისრაელის ურთიერთდამოკიდებული პარტნიორობა ღაზაში ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო ხშირად ხდება დავისა და კრიტიკის საგანი.
მუსლიმური სამყაროს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის თურქეთმა, დაგმო ომი და ისრაელის განურჩეველი დაბომბვების შედეგად ათიათასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, აზერბაიჯანი კი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს.
ბაქოსთვის ისრაელის შეიარაღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მოდერნიზაციისთვის, ხოლო ისრაელისთვის აზერბაიჯანული წიაღისეული საწვავი კვლავაც ქვეყნის იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ორივე ქვეყანა საკუთარ ურთიერთობას იმის სამტკიცებლადაც იყენებს, რასაც ისინი რელიგიურ შემწყნარებლობად მიიჩნევენ.
მიუხედავად ამისა, თურქი რელიგიური მოღვაწეების მიერ ჰიჯაბის აკრძალვასა და აზერბაიჯან-ისრაელის ალიანსს შორის გავლებულმა პარალელებმა აჩვენა, რომ საკითხი მოუგვარებელი რჩება.
თურქული რელიგიური უფლებების დამცველი ორგანიზაცია Özgür-Der-ის დამფუძნებელმა ჰულია შექერჩიმ 3 ოქტომბრის აქციაზე განაცხადა: „ჩვენი წინააღმდეგობა პალესტინაში იგივეა, რაც აზერბაიჯანში თავსაფრის ტარების უფლებისთვის ბრძოლა“.
„ჩვენ ვერასოდეს ვუწოდებთ მოძმე სახელმწიფოს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც კვლავაც მკვლელ [ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ] ნეთანიაჰუს გვერდით ზის მაშინ, როდესაც მას აპროტესტებენ და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დარბაზს ტოვებენ, და რომელიც სიონისტ მკვლელებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ავითარებს“, – დასძინა მან.
შექერჩი გულისხმობდა კიდევ ერთ ბოლოდროინდელ საკამათო შემთხვევას: სექტემბერში აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი გაეროს დარბაზში დარჩა და ნეთანიაჰუს გამოსვლას მოუსმინა მაშინაც კი, როდესაც ათეულობით სხვა დელეგატი პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა.
სხვა შუამავლების არარსებობის პირობებში, აზერბაიჯანი ცდილობდა, ისრაელსა და თურქეთს შორის შუამავლის როლი შეესრულებინა. 2025 წელს აზერბაიჯანმა თურქ და ისრაელელ ოფიციალურ პირებს უმასპინძლა, რომლებმაც სირიასთან დაკავშირებული უთანხმოებები განიხილეს.
2026 წლის აგვისტოში ისრაელის მედია Ynet-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მცდელობები, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა შეემცირებინა, „კულისებს მიღმა“ კვლავ გრძელდება.
„[ისრაელმა] და თურქეთმა ჭკუა დაკარგეთ? თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ და თურქეთიც ჩვენი მეგობარია“, – Ynet-ის ცნობით, ეს მათ აზერბაიჯანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კონფიდენციალურად განუცხადა, – „რა უნდა გავაკეთოთ, თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და ერთმანეთთან ბრძოლას დაიწყებთ? სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დაძაბულობის დაუყოვნებლივ შემცირება“.
თურქეთში აზერბაიჯანის ისრაელთან სავაჭრო კავშირების გამო კრიტიკის ფონზე აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედია APA-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიზანიც იმის ჩვენება იყო, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობა კვლავ გრძელდება. კერძოდ, სტატია ეხებოდა თურქეთის საკუთრებაში არსებულ გემებს, რომლებსაც სხვა ქვეყნების დროშებით ტვირთი ისრაელის პორტებში გადააქვთ. APA-მ მოგვიანებით სტატია წაშალა, თუმცა მეორე დღეს ხელახლა გამოაქვეყნა.
ამავდროულად, თურქული საზოგადოების ზოგიერთი სეკულარული ჯგუფი აზერბაიჯანის ისრაელთან ურთიერთობას უფრო დადებითად აფასებს.
მაგალითად, ცნობილ თურქ ჟურნალისტ ილმაზ ოზდილს მიაჩნია, რომ ისრაელის მიმართ ბაქოს დიპლომატიური მიდგომა ანკარის მიდგომაზე უფრო ეფექტიანია. თავის განცხადებებში ოზდილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთიან ყარაბაღზე კონტროლის აღსადგენად აზერბაიჯანი თურქულზე მეტად ისრაელის შეიარაღებას დაეყრდნო.
აზერბაიჯანის რეგიონული ამბიციები
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე ერთმანეთს უპირისპირდებიან.
2009 წელს, თურქეთსა და სომხეთს შორის ე.წ. საფეხბურთო დიპლომატიის პერიოდში, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა, თუმცა მოგვიანებით დაძაბულობა შემცირდა.
2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომმა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააძლიერა. კონფლიქტის დროს ანკარა ბაქოს მტკიცედ უჭერდა მხარს. თურქეთმა სომხეთთან საზღვარი ჯერ კიდევ 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საპასუხოდ ჩაკეტა და განაცხადა, რომ საზღვარი არ გაიხსნებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პროგრესის გარეშე.
თუმცა ალიევი სულ უფრო მეტად წარმოაჩენს ომს ისე, თითქოს გამარჯვება მხოლოდ აზერბაიჯანის დამსახურებაა. ოქტომბრის დასაწყისში მან განაცხადა: „გამარჯვებას მთლიანად საკუთარი ძალებით მივაღწიეთ“.
„ყველას უკან, ასე ვთქვათ, ძლიერი მხარდამჭერი დგას – ზოგს რამდენიმე მხარდამჭერიც კი ჰყავს. ჩვენ კი მარტონი ვიდექით“, – თქვა ალიევმა.
მოგვიანებით, იმავე გამოსვლაში მან ეს პოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერა: „როდესაც დახმარება გვჭირდებოდა, არავინ დაგვეხმარა“.

ეს მკვეთრად განსხვავდება იმ განცხადებისგან, რომელიც თავად ალიევმა ომის დასრულებიდან მალევე, 2020 წლის დეკემბერში გააკეთა:
„ომის პირველივე დღეებიდან, უფრო სწორად, პირველი საათებიდან ვგრძნობდით თურქეთის მხარდაჭერას. [ერდოღანმა] თქვა, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის და თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იდგებოდა“, – თქვა მაშინ ალიევმა.
თავის მხრივ 2024 წელს ერდოღანმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებაში თურქეთს საკუთარი წვლილი ჰქონდა. ამ განცხადებას აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზეთში კრიტიკა მოჰყვა. მაშინ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს შეეძლო „ისრაელში შესვლა ისევე, როგორც ყარაბაღსა და ლიბიაში შევედით“.
ამავდროულად, თურქეთი კვლავ ამტკიცებს, რომ ომში, მხარდაჭერის გაწევის გარდა, მონაწილეობა არ მიუღია. თავის მხრივ, აზერბაიჯანმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში უცხოური ჯარები უშუალოდ არ მონაწილეობდნენ.
დავის კიდევ ერთი საგანია სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი – ბაქო დიდი ხანია მოითხოვს, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება სომხეთთან თავად აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესს დაუკავშირდეს.
2023 წელს, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა, რეგიონული ვითარება შეიცვალა. თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უფრო აქტიურად დაიწყო. განიხილებოდა საზღვრის გახსნა, სატრანსპორტო კავშირების აღდგენა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
ამავდროულად, თურქეთი ორმხრივ ურთიერთობაში დიდი ხანია საკუთარ თავს „უფროს ძმად“ მიიჩნევს. თუმცა აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, ამ დინამიკის ბუნებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი სულ უფრო მკვეთრი გეოპოლიტიკური პოზიციისა და რეგიონული ძალის სტატუსზე საკუთარი პრეტენზიების გათვალისწინებით.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვებამ და ევროკავშირთან მზარდმა ენერგეტიკულმა კავშირებმა აზერბაიჯანს გაუმყარა წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც რეგიონულ ძალაზე, რომელსაც რეგიონში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება შეუძლია თურქეთისა თუ რეგიონის სხვა უფრო ძლიერი ქვეყნებისგან განსხვავებული კურსით.
2024 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის საზენიტო რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი და 38 ადამიანი დაიღუპა, ბაქომ მკაცრი რეაქცია გამოხატა. შედეგად, აზერბაიჯანსა და მოსკოვს შორის ხანგრძლივი ურთიერთობები უპრეცედენტოდ გაუარესდა. იმ დროს რუსეთის კომენტატორები გაკვირვებული იყვნენ აზერბაიჯანის რეაქციის სიმწვავითა და მასშტაბით.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ დაძაბული დაპირისპირება მოგვარდა და აზერბაიჯანი რუსეთთან ურთიერთობის ძველ მეთოდებს დაუბრუნდა: ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ძირითადად კულისებს მიღმა მიმდინარეობს და მხოლოდ პერიოდულად ხდება საჯარო.
ამის ერთ-ერთი მაგალითი სექტემბერში მომხდარი შემთხვევაა, როდესაც ბაქო დათანხმდა საფრანგეთის დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლებას იმ სანაცვლოდ, რომ უზბეკი-რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი სანქციების სიიდან ამოეღოთ.
თურქეთთან დაპირისპირების საჯარო დრამატიზებაც შესაძლოა მსგავს მიდგომაზე მიუთითებდეს.
გამწვავდება თუ არა დაპირისპირება?
სადავო საკითხების სიმრავლის მიუხედავად, მაღალი რანგის ოფიციალურ პირები, მათ შორის ერდოღანი და ალიევი ერთმანეთის პირდაპირი კრიტიკისგან თავს იკავებენ.
აზერბაიჯანული მედიაც ჯერჯერობით ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს. აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიაში ძირითად ნარატივად იქცა თურქულ მედიაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მათი შეფასებით, მიმდინარე კამპანიის განხილვა და ბაქო-ანკარის ურთიერთობების დაცვა.
მაგალითად, 26 სექტემბერს აზერბაიჯანის მედიისა და მაუწყებლობის საბჭომ განაცხადა, რომ თურქულ მედიაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ „უსაფუძვლო და მიკერძოებული ბრალდებები“ ვრცელდებოდა.

აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიებს, მაგალითად Caliber-სა და APA-ს თურქეთის წინააღმდეგ კრიტიკული სტატიებიც არ გამოუქვეყნებიათ, რასაც ისინი ხშირად აკეთებენ ხოლმე, როდესაც აზერბაიჯანი გეოპოლიტიკური უთანხმოებების ეპიცენტრშია.
სავარაუდოდ, ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთის კრიტიკას კვლავ გააგრძელებენ, თუმცა არსებობს სტრუქტურული ფაქტორები, რომლებიც მიუთითებს, რომ აზერბაიჯანულ-თურქული ალიანსი, სულ მცირე, საშუალოვადიან პერსპექტივაში შენარჩუნდება.
2026 წლის დასაწყისში ბაქომ და ანკარამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც აზერბაიჯანის აბშერონის საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდების 15 წლით უზრუნველყოფაა. მიწოდება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს.
შეთანხმება იმ დროს გაფორმდა, როდესაც თურქეთი ცდილობს, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. აზერბაიჯანის წილი თურქეთის გაზის იმპორტში 2024 წელს დაახლოებით 22%-მდე გაიზარდა, რაც გაორმაგებული რიცხვია ათი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით.
აზერბაიჯანისთვის, მიუხედავად ალიევის მკაცრი განცხადებებისა სამხედრო ძლიერების შესახებ, აშკარა შეზღუდვები არსებობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაქოს თურქეთთან უსაფრთხოების ალიანსის ხანგრძლივი რეალურად გაწყვეტა სურდეს.
30 სექტემბერს, დაპირისპირების პარალელურად, თურქეთმა და აზერბაიჯანმა დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე თავდაცვით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება.
აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ჯერ მზად არ არის, სრულად დამოუკიდებლად იმოქმედოს – არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით.
ამ ეტაპზე, დიდი ალბათობით, კვლავ შენარჩუნდება პრინციპი: „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“.