კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (09/10/26 - 16/10/26)

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ტურიზმის სფეროში პოზიტიურ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სადაც ირაკლი კობახიძემ დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სასამართლომ ირანელი აქტივისტი საიმიგრაციო პატიმრობაში დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანელი აქტივისტი მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი 12 ოქტომბერს დააკავეს, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და იგი საიმიგრაციო პატიმრობაში დატოვა. დეპარტამენტმა 3-თვიან ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მისი გაძევების ან სტატუსის მინიჭების შესახებ.

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ რაჰიმიანის ოჯახი საქართველოში ცხოვრობს, შვილები ქართულ სკოლაში სწავლობენ, ხოლო ირანში დაბრუნებისას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება.

შსს განმარტავს, რომ რაჰიმიანი საქართველოში 2022 წელს შემოვიდა და მას საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი ეთქვა, რაც სასამართლომ ძალაში დატოვა. უწყების ცნობით, 2026 წლის ივნისიდან მას თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი შეუწყდა, ქვეყანა ნებაყოფლობით არ დატოვა და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ქუთაისის №2 ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში 9 ოქტომბერს პატიმარი, ბრალდებული გ.გ. გარდაიცვალა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მომხდარზე ინფორმაცია 15 ოქტომბერს გავრცელა.

უწყების განცხადებით, სატრანსპორტო დანაშაულის ბრალდებით დაკავებული პატიმარი საკანში არსებული ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის შესახებ დაწესებულების თანამშრომლებს თანამესაკნეებმა შეატყობინეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ადგილზე სამედიცინო პერსონალი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად გამოცხადდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პატიმარი ბექა ცერცვაძე ციხის თანამშრომლებსა და სპეცრაზმელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

„ტვ პირველის“ ცნობით, რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი ბექა ცერცვაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პატიმარ გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, ციხის ბადრაგებმა და სპეცრაზმელებმა მასზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს. ცერცვაძის თქმით, ინციდენტში ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე და მისი მოადგილეებიც მონაწილეობდნენ. ადვოკატის განცხადებით, პატიმარი უკვე გადაიყვანეს ლაითურის დაწესებულებაში, მომხდართან დაკავშირებით კი სახალხო დამცველს მიმართეს.

მსგავსი ძალადობის შესახებ ადრე კიდევ ერთმა პატიმარმა, ლაშა ჩაჩანიძემაც განაცხადა, რომელსაც დავითაძისადმი სოლიდარობის გამო ათამდე პირმა სცემა. რაც შეეხება თავად გიორგი დავითაძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის შვილია, მისი ოჯახი მედიასთან სექტემბერში გამოჩნდა და განაცხადა, რომ მასზე №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. გავრცელდა ხმის ჩანაწერი, სადაც დავითაძე მოსამართლეს უყვება, თუ როგორ რომ ის ბადრაგებმა გააუპატიურეს.

პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა. ოჯახი დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის პასუხისმგებლობას, გამოძიებას და შვილის სხვა განყოფილებაში გადაყვანას მოითხოვდა.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესს დაესწრება და საპროტესტო კამპანიას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა იგეგმება, რომლითაც მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას ითხოვს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში დანიშნულ სხდომებს დაესწრებიან.

პარალელურად, ოპოზიციის ალიანსმა 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ–ის პირველ კორპუსთან აქცია და ერთობლივი კამპანია დააანონსა, რაც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მოწყობას.

13 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა დასკვნა, სადაც ნათქვმი იყო , რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვასა და ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია და ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და პლურალიზმის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს.

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს თსუ–ის პირველ კორპუსთან აქციასა და კამპანიის დაწყებას აანონსებს

ოპოზიციური ალიანსი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ–ის პირველ კორპუსთან აქციას და ერთობლივი კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომლის მიზანიც 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის მოწყობაა. ალიანსის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით ბიძინა ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს და საკუთარ ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს. გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად აკრძალვებისა, მათი ამოცანა უცვლელია, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაბრუნებამდე.

დავით ოქიტაშვილი ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებასა და შესწავლას ითხოვს

„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს აკრიტიკებს და გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლონ და გასაჯაროვდეს პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები.

ოქიტაშვილი რუხაძეს „რეპუტაციის შელახვაში“ სდებს ბრალს და მის „მფარველად“ სუს–ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ასახელებს. ცნობისთვის, მთავრობამ დაკრძალვის ორგანიზებისთვის 5.5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, საიდანაც 3 მილიონი ლარი კულტურის სამინისტროს გადაერიცხა. პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოყოფილი თანხიდან მხოლოდ 722 ათასი ლარი დაიხარჯა. თინათინ რუხაძეს, რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ვატო ყიფიანი და „კაწრო“ დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, დააკავა.

47 წლის ვახტანგ (ვატო) ყიფიანი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი და მედია მას წლების განმავლობაში კრიმინალურ სამყაროს უკავშირებდა. იგი ბოლოს საქართველოში 2021 წელს დააკავეს, პროკურატურა მას ასევე ედავებოდა ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობას, რაც პროკურატურის ცნობით, სუს–მა აღკვეთა. რაც შეეხება ავთანდილ ბილანიშვილს, „კაწროს“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იგი პირველად გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვისას მოექცა, შსს–მ თქვა, რომ ის ამ კადრებში არ ფიგურირებდ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „კაწრო“ბერა ივანიშვილთან მეგობრობს.

ზურაბ ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) ცნობით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს და თბილისში დააბრუნეს. იგი სტამბოლის გავლით ბრიუსელში, „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) ლიდერთა სამიტზე მიემგზავრებოდა.

თავად ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, დაკავებისა და დეპორტაციის მიზეზი თურქეთში შესვლის 5-წლიანი აკრძალვა (ბანი) გახდა, რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს.

საქართველო წელსაც არ არის მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე

საქართველო წელსაც არ მიიწვიეს ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც 15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება თემით „ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“. ღონისძიების დღის წესრიგში საქართველოდან სპიკერად მხოლოდ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაა დასახელებული. გასულ ამის მიზეზად საქართველოში დემოკრატიის გაუარესებული ვითარება დასახელდა.

მონაწილეთა შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის, ალბანეთისა და მონტენეგროს პრემიერ–მინისტრები. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, გაფართოება გეოსტრატეგიული აუცილებლობაა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, თუმცა უფრო დინამიკურ პროცესს გულისხმობს.

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლე მანანა კობახიძეს პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

თანამდებობის დატოვებამდე, 12 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება ითხოვა. მან მიზეზად თავისი წარსული პოლიტიკური საქმიანობა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჯარო კრიტიკა დასახელა, რასაც, მისი შეფასებით, საზოგადოებაში მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვები შეიძლებოდა გაეჩინა. თუმცა, პლენუმმა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ განმარტებით, რომ წარსულში გაკეთებული განცხადებები ზოგადი კრიტიკა იყო და არ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საქმეს მიკერძოებულად გადაწყვეტდა.

რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევებს აგრძელებს, კიევი საპასუხო დარტყმებს აანონსებს

გასულ დღეებში რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააგრძელა, უკრაინამ კი რუსეთის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა. კიევმა მოსკოვი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება დააანონსა.

9 ოქტომბერს, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ–ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას დაიწყებდა. აშშ–მა 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა რუსული დიზელისთვის დაწესებული სანქციები, რასაც ზელენსკის კრიტიკა მოჰყვა. 11 ოქტომბერს ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის ამოქმედება გამოაცხადა, კიევმა კი მოსკოვისგან უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტა მოითხოვა.

მიუხედავად ამისა, 13 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, 21 კი დაშავდა. 14 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი შეტევა განახორციელა, იმავე დღეს უკრაინაში დრონებით თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.

14 ოქტომბერს ზელენსკი ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდა. მხარეებმა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება, მათ შორის დრონების წინააღმდეგ საბრძოლო საშუალებებსა და შორი მანძილის რაკეტებით დახმარებაზე ისაუბრეს.

15 ოქტომბერს უკრაინის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნით“ შეუტიეს. აეროდრომზე ხანძარი და დეტონაცია დაფიქსირდა.

იმავე დღეს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შეტევისას ოთხი „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა და 69 უკრაინული დრონი გაანადგურეს. უკრაინას ამ ქარხანაზე თავდასხმა არ დაუდასტურებია.

ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს. მისი თქმით, კიევმა ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ რუსულ ობიექტებზე შეტევები შეაჩერა, მოსკოვმა კი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააგრძელა. ზელენსკის განცხადებით, ამ პერიოდში უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ამერიკული მხარისგან წინასწარი ინფორმაცია არ მიუღია, შეფერხდა Starlink-ის მუშაობაც.

რუსული დიზელისთვის სანქციების შემსუბუქებას აშშ–ში 12-მა სენატორმა, ექვსმა დემოკრატმა და ექვსმა რესპუბლიკელმა, გააკრიტიკა და ტრამპს შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა. მათი შეფასებით, გადაწყვეტილება რუსეთს ომის დაფინანსების დამატებით შესაძლებლობას აძლევს.

პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის განკარგულება თეთრი სახლიდან მიიღო

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ორმა ამერიკელმა და ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის სისტემებზე შეზღუდვის დაწესების განკარგულება თეთრი სახლიდან მიიღო. წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად ვისგან მოდიოდა ეს მითითება. თავის მხრივ, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მსგავსი თხოვნით არასდროს მიუმართავს, თუმცა არ უპასუხიათ შეკითხვაზე, გაცა თუ არა ბრძანება ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელმა.

14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის (Starlink) სამხედრო ვერსიის — Starshield-ის სიჩქარე შეიზღუდა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალები კომუნიკაციისა და დრონების მართვისთვის იყენებენ. SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა აღნიშნა, რომ Starshield-ის სისტემას აშშ–ის მთავრობა აკონტროლებს და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.

ზელენსკი ტრამპის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტი „ისტორიის არასწორ მხარესაა“

ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის „მტკივნეულია“, როდესაც დონალდ ტრამპი მხარეს ირჩევს და ეს უკრაინული მხარე არ არის. ტრამპის ბოლო ნაბიჯებზე, რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნაზე საუბრისას ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ეს ღალატად მიიღო და აღნიშნა, რომ აშშ–ის პრეზიდენტის მრჩევლები ცდებიან და ეს „ისტორიის არასწორი მხარეა“.

პარალელურად, ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ზელენსკი კვლავ გააკრიტიკა, განაცხადა, რომ მისი „დიდი ფანი არ არის“ და სამშვიდობო შეთანხმების ზელენსკის გარეშე მიღწევა არ გამორიცხა. ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლების გამოც გააკრიტიკა, თუმცა ზელენსკიმ განმარტა, რომ იერიშები მას შემდეგ განახლდა, რაც რუსეთმა გამოცხადებული ზავის მიუხედავად უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვა არ შეწყვიტა.

მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსული დრონებმა დაარღვიეს

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 ოქტომბრის 23:02 საათიდან 16 ოქტომბრის 03:46 საათამდე პერიოდში, რუსულმა დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე სამჯერ დარღვიეს, რის შემდეგაც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. კიდევ ერთი დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში დილის 05:59 საათზე შევიდა, 06:09 საათზე კვლავ განმეორებით გადაკვეთა საზღვარი და უკან, უკრაინისკენ შემობრუნდა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ომი „სახიფათოდ უახლოვდება მოლდოვას“. მზარდი საფრთხის საპასუხოდ, 7 ოქტომბერს მოლდოვამ საზღვრისპირა გამშვებ პუნქტებთან თავშესაფრების მშენებლობის გეგმა გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 5 ოქტომბრის ინციდენტი, როდესაც პალანკა–მაიაკი–უდობნეს გამშვებ პუნქტზე რუსული შეტევისას  ჭურვის ანასხლეტი სამგზავრო ავტობუსსა და სასაზღვრო ჯიხურს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადაიმანი დაშავდა.