საგარეო: EU-ის წარმომადგენელთა განცხადებები საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „შეშფოთებას გამოთქვამს“ ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.

„სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.

სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 19 ოქტომბერს ევროკომისიის სპიკერმა კრისტიან ვიგანდმა განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვა საფრთხეს უქმნის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას.

„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით დაწყებულ საქმეებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.

ეს პროცესი, ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მანამდე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე მიუთითებს.

ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და გავაგრძელებთ აღნიშნული სარჩელის განხილვის მიმდინარეობაზე თვალის დევნებას​​“, – თქვა კრისტიან ვიგანდმა.

21, 22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართება.

საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია  შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა:

  • „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
  • „ფედერალისტური პარტიის“;
  • „გახარია საქართველოსთვის.

საკონსტიტუციო სარჩელი „ქართული ოცნების” პარლამენტის 88 წევრის მიერ არის შეტანილი.