პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხის, „POSTV-ის“ წამყვანი, ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში დაბრუნდა – ინფორმაცია „პუბლიკას“ ოდიშარიამ დაუდასტურა. მისი თქმით, ის სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.
შეკითხვაზე, რატომ წავიდა კინოცენტრიდან, მან უპასუხა, რომ „ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“ და თუ ვინ მიიღო კინოცენტრიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება, ოდიშარია ამბობს, რომ ეს „საერთო გადაწყვეტილება იყო“.
მისი თქმით, იმუშავებს „აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე, რასაც კი მოიცავს კინოცენტრის საქმიანობა“.
ამ თანამდებობის დასაკავებლად, ოდიშარია ამბობს, რომ თავად, „პირადად მიმართა“.
ბაჩო ოდიშარია თავდაპირველად კინოცენტრში დაასაქმეს 2023 წელს, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის პერიოდში. ის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. იმავე პერიოდში კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა და თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დირექტორად კი წულუკიანის მოადგილე და პრობაციის სააგენტოს ყოფილი კადრი – კობა ხუბუნაია დაინიშნა.
თიკა რუხაძის მინისტრობის პერიოდში კი ის კინოცენტრში აღარ მუშაობდა. პროგრამების დირექორად დანიშნული ლევან დვალი კი კინოცენტრში აღარ მუშაობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ის „პირადი განცხადების საფუძველზე“ წავიდა.
საპროტესტო აქციებისა და არაერთი ოფიციალური მიმართვის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოდან 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს აცხადებს „მიტაცებულ კინოცენტრთან“ თანამშრომლობაზე.
კინემატოგრაფისტები მოითხოვენ კინოცენტრის დამოუკიდებლობას. მიიჩნევენ, რომ ცენტრის დირექტორი არჩევითი უნდა გახდეს და მას ერთპიროვნულად არ უნდა ნიშნავდეს კულტურის მინისტრი.