ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, და გაზეთ “ასავალ-დასავალის” წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ინტერესების დამცველი ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტებისადმი მიმართვას ავრცელებს:
„პატივცემულო ჟურნალისტებო! გამოფხიზლდით! საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გაანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას” – წერს იგი.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ ინტერვიუში გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაეკავებინოთ, რომელთანაც პროკურატურას კითხვები არ გასჩენია, თუ საიდან ფლობდა გაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.
“რეჟიმმა, ჩემი შეფასებით, გადაწყვიტა ყველა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრება. ეს არის ბრალდება, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ბრალის ფორმულირებით რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფო უწყება რომელიმე ჟურნალისტის გადაცემის ან ინტერვიუს შემდეგ იტყვის, რომ აღნიშნულმა ინტერვიუმ ხელი შეუშალა სამუშაოს განხორციელებაში, ვინაიდან ჟურნალისტის გამონათქვამი მისთვის მისაღები არ იყო, ჟურნალისტს სამშობლოს ღალატისთვის დააკავებენ. ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელიც მოსპობს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ პროფესიას – ჟურნალისტს.
პატივცემულო ჟურნალისტებო, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების თანახმად – „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, „თორგეირ თორგეირსონი ისლანდიის წინააღმდეგ“, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და პრესის როლის შეფასებისას მნიშვნელოვან სამართლებრივ ორიენტირებს წარმოადგენენ, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებსა და ინფორმაციას, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღები, ნეიტრალური ან პოპულარულია, არამედ ისეთ განცხადებებსაც, რომლებმაც შესაძლოა შოკი გამოიწვიოს, გააღიზიანოს ან შეაწუხოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ამგვარი მიდგომა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.
პროკურორის დადგენილება დომენტი (დიტო) ჩუბინიძის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმებს და წარმოადგენს ქვეყანაში თავისუფალი პროფესიის – ჟურნალისტის – განადგურების მცდელობას”. – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ოქტომბერს შეეფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დიტო ჩუბინიძეს ბრალად ედება „სამშობლოს ღალატი, კერძოდ საბოტაჟი“. ის ბრალდებას არ აღიარებს.
პროკურატურის მტკიცებით, დიტო ჩუბინიძე მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელებით ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
პროკურატურის მტკიცებით, „გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დიტო ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.
დიტო ჩუბინიძის ადვოკატის თქმით, ბრალის დადგენილებაში „სამშობლოს ღალატი, კერძოდ საბოტაჟი“ აღწერილია შემდეგნაირად, რომ „საზოგადოება მას შეჰყავდა შეცდომაში და აწოდებდა საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით“. ადვოკატის თქმით, დაკითხულები არიან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრები.
მისი თქმით, ბრალის წარდგენამდე დიტო ჩუბინიძე დაკითხული იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე და არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ გამოძიება მასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა.
შეკითხვაზე, რას უკავშირებს დიტო ჩუბინიძე ამ ბრალდებას, ადვოკატი ამბობს, რომ „თვითონაც არ იცის, გაოგნებულია“. დიტო ჩუბინიძეს გამოძიებისთვის ჯერ ჩვენება არ მიუცია.
პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.