Amnesty და საია ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაასრულოს დაუსჯელობა ციხეებში წამების შემთხვევებზე

პუბლიკა

Amnesty International და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქართველოს ციხეებში პატიმრების მიმართ წამების, სექსუალური ძალადობის, ცემისა და მუქარის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე შეშფოთებას გამოთქვამენ.

ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ასევე არსებობს ცნობები იმ პატიმრების მიმართ ანგარიშსწორების შესახებ, რომლებიც ძალადობაზე საუბრობენ ან სხვა პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ.

ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე შემთხვევაზე: რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე და მის შემდეგ შესაძლო ანგარიშსწორებაზე, ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხის თანამშრომლის მიერ პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებასა და გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილის სასტიკად ცემის ბრალდებებზე.

ორგანიზაციების შეფასებით, შეშფოთებას იწვევს როგორც თავად ბრალდებები, ისე ხელისუფლების რეაგირება. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უარყო, ხოლო გიორგი დავითაძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით შეწყდა. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევებში გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს.

მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას პატიმრები ძალადობისა და ანგარიშსწორებისგან, სწრაფად და დამოუკიდებლად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის ყველა სარწმუნო ბრალდება და პასუხისმგებელი პირები, სათანადო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე წარადგინოს. ამასთან, საჭიროა ციხეებში არსებული პრაქტიკის, საჩივრების განხილვის წესებისა და პატიმართა დაცვის მექანიზმების გადახედვა.

განცხადებაში წერია:

გიორგი დავითაძის განცხადება სექსუალური ძალადობის შესახებ

2026 წლის 2 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომელშიც გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. მისი თქმით, დეესკალაციის ოთახში ყოფნისას თანამშრომელმა მას ანუსში თითი შეუყვანა. დავითაძემ ასევე ისაუბრა მის დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელსაც, მისი განცხადებით, ციხის რამდენიმე თანამშრომელი ესწრებოდა, და ინციდენტის შემდეგ მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ბრალდებების საპასუხოდ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გამოაქვეყნა. უწყების განმარტებით, ვიდეო 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და მის შემოწმებას ასახავს. პენიტენციურმა სამსახურმა სექსუალური ძალადობის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ იძულებითი შემოწმება დადგენილი წესით ჩატარდა მას შემდეგ, რაც პატიმარმა შემოწმებაზე უარი თქვა და თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ვიდეოში, რომელსაც ხმა არ აქვს, ჩანს, როგორ აკავებს რამდენიმე თანამშრომელი დავითაძეს, აწვენს საწოლზე და უკნიდან უახლოვდება მაშინ, როდესაც ის ძალით არის გადახრილი და მუცლით საწოლს ეყრდნობა. თუმცა თანამშრომლები დავითაძეს ნაწილობრივ ფარავენ, რის გამოც მათი მოქმედებების სრულად შეფასება შეუძლებელია.

დავითაძის ადვოკატების განცხადებით, დეესკალაციის ოთახში მეორე კამერაც იყო, რომლის ჩანაწერიც პროკურატურას არ ამოუღია. ოჯახიც ეჭვქვეშ აყენებს საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოს სისრულეს და აცხადებს, რომ მასში მნიშვნელოვანი მონაკვეთები აკლია. ადვოკატის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა დაახლოებით 20-წუთიანი ვიდეოდან მხოლოდ მოკლე, მისთვის ხელსაყრელი ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო ძალადობის სრულ სურათს ვერ აჩვენებს.

დავითაძის უსაფრთხოებისა და შესაძლო ანგარიშსწორების საკითხი

13 ოქტომბერს, ციხეში დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა შეშფოთება გამოთქვა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ საჯაროდ საუბრის გამო პატიმარს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა.

ადვოკატის თქმით, დავითაძემ მას უთხრა, რომ ციხის ორმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტელევიზორი ჩამოართვა. დავითაძის დედის განცხადებით, პატიმრის მონაყოლის მიხედვით, თანამშრომლები პერიოდულად აღებდნენ საკნის კარს, სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დავითაძის ადვოკატმა სექსუალური ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ პროკურატურას 2025 წლის 26 დეკემბერს მიმართა. გამოძიება 29 დეკემბერს დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, გამომძიებლებმა ათეულობით მოწმე დაკითხეს, შეისწავლეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიიღეს ექსპერტიზის დასკვნები. თუმცა დავითაძის ადვოკატი გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს. მისი თქმით, გამოძიებას არ ჰყავს ნეიტრალური მოწმე და არ აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეს სრულად გაამყარებდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები გამოძიების შესაძლო მიკერძოებაზე მიუთითებს, ხოლო გაუპატიურების შესახებ ბრალდება დიდწილად თავად დავითაძის ჩვენებას ეყრდნობა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 12 იანვარს დავითაძემ, ადვოკატის თანდასწრებით, უარი თქვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე. მისი ადვოკატების განმარტებით კი, შეთავაზებული სამედიცინო შეფასება მხოლოდ ფიზიკური დაზიანებების შემოწმებას ითვალისწინებდა, მაშინ როცა დავითაძე თავადაც ამბობდა, რომ ასეთი დაზიანებები არ ჰქონდა. მათი თქმით, შეთავაზება არ ეხებოდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო გაუპატიურების გამოკვლევას.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადების მიღებისთანავე ხელისუფლებამ დაზარალებულს სწრაფი, დამოუკიდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური შეფასება უნდა შესთავაზოს და ბრალდებები ეფექტიანად გამოიძიოს.

მათი შეფასებით, გამოქვეყნებული ვიდეო ვერ ადგენს, რა მოხდა რეალურად დეესკალაციის ოთახში. ჩანაწერს ხმა არ აქვს და დავითაძე ნაწილობრივ დაფარულია. შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვები იმის შესახებ, რატომ მოათავსეს ის დეესკალაციის საკანში, რამდენად აუცილებელი და თანაზომიერი იყო მის მიმართ გამოყენებული ძალა, როგორ მოქმედებდნენ ცალკეული თანამშრომლები და ასახავს თუ არა ვიდეო ინციდენტს სრულად.

ბრალდებები განმეორებითი დამცირებისა და მუქარის შესახებ

დავითაძის ადვოკატი აცხადებს, რომ 2025 წლის 21 დეკემბრის შემთხვევა ცალკეული ინციდენტი არ ყოფილა და პატიმრის მიმართ ძალადობა, დაშინება და დამამცირებელი მოპყრობა განმეორებით ხდებოდა.

ადვოკატის მონაყოლის თანახმად, ერთ-ერთი შემთხვევის დროს დავითაძეს დამცირებისა და ღირსების შელახვის მიზნით თმა სანახევროდ გადაპარსეს. სხვა შემთხვევაში კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, მას ტანჯვის მიყენების მიზნით საკანში გათბობა განზრახ გამოურთეს. ამას, მისი თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები მოჰყვა და სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო.

ადვოკატი ასევე საუბრობს ციხის თანამშრომლების მხრიდან მუდმივ შეურაცხყოფასა და სექსუალური ძალადობის მუქარაზე, მათ შორის დავითაძის ოჯახის წევრებისა და შვილების მიმართ.

ორგანიზაციის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციას არ მიუღია ზომები, რათა დავითაძის საჩივრებში დასახელებულ თანამშრომლებს მასთან კონტაქტის შესაძლებლობა აღარ ჰქონოდათ. ეს კი, მათი შეფასებით, პატიმარს შემდგომი არასათანადო მოპყრობისა და ანგარიშსწორების რისკის წინაშე ტოვებს.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პირები, რომლებსაც წამებასა თუ სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში ეჭვი ედებათ, ოფიციალური გამოძიების მიმდინარეობისას სამსახურებრივი მოვალეობის აქტიურ შესრულებას უნდა ჩამოშორდნენ, განსაკუთრებით იმ პოზიციებიდან, რომლებზეც მათ სხვა ადამიანების მიმართ ძალადობის შესაძლებლობა აქვთ.

Amnesty International-ისა და საიას შეფასებით, დავითაძის საქმეზე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების სწრაფ, საფუძვლიან, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.

მათი განცხადებით, ხელისუფლებას სათანადოდ არ შეუსწავლია სავარაუდო ძალადობის ყველა გარემოება, მათ შორის განმეორებითი მუქარის, დამცირებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ასევე გაურკვეველია, რამდენად ჰქონდა დავითაძეს დროული და დამოუკიდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური შეფასების შესაძლებლობა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, სრულად იქნა თუ არა მოპოვებული ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება და მიიღო თუ არა ხელისუფლებამ საკმარისი ზომები მისი შემდგომი ძალადობისა და ანგარიშსწორებისგან დასაცავად.

ბრალდებები იმ პატიმრების მიმართ ძალადობის შესახებ, რომლებმაც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს

ორგანიზაციები ასევე ყურადღებას ამახვილებენ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ მოვლენებზე და იმ პატიმრების მიმართ შესაძლო ანგარიშსწორებაზე, რომლებმაც გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

2026 წლის 2 ოქტომბერს, დავითაძის განცხადებების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, რამდენიმე პატიმარმა ციხეში პროტესტი გამოთქვა, მათ შორის საკნებიდან ხმაურით. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები პატიმრების ცემის, სხვა ციხეებში გადაყვანისა და დეესკალაციის საკნებში მოთავსების შესახებ.

2026 წლის 5 ოქტომბერს პატიმარ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ციხის თანამშრომლებმა მის კლიენტსა და კიდევ ოთხ პატიმარზე ფიზიკურად იძალადეს. ადვოკატის თქმით, ძალადობა გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად გამართულ პროტესტს უკავშირდებოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს თანამშრომლებმა მას ხელებსა და ფეხებზე ხელკეტებით სცემეს. ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ადვოკატთან შეხვედრისას, მას სხეულზე შესამჩნევი დაზიანებები ჰქონდა და ძლიერ თავის ტკივილს უჩიოდა.

2026 წლის 16 ოქტომბერს მსგავსი ბრალდებით კიდევ ერთი პატიმარი, ბექა ცერცვაძე, გამოვიდა. მისი თქმით, გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო თანამშრომლები მას დეესკალაციის საკანში გადაყვანისას დაესხნენ თავს, სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ცერცვაძის განცხადებით, ამის შემდეგ ის ძალით გაატარეს უსაფრთხოების სკანერში, ჩასვეს სატრანსპორტო საშუალებაში და სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ცემის ბრალდებები უარყო. უწყებამ ასევე უარყო, რომ სულ მცირე ოთხი პატიმარი დეესკალაციის საკნებში გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო მოათავსეს.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პატიმრების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უსაფრთხოების კანონიერი ზომა იყო და პროტესტთან კავშირი არ ჰქონია. უწყების თქმით, ეს ზომები 2026 წლის 2 და 4 ოქტომბერს ციხის თანამშრომლებზე პატიმრების თავდასხმებს მოჰყვა. სამსახურმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელზეც ორ ცალკეულ შემთხვევაში პატიმრები ფიზიკურად ესხმიან თავს თანამშრომლებს.

ხელისუფლებამ საჯაროდ უარყო არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები. თუმცა, ორგანიზაციების შეფასებით, უცნობია, იკვლევს თუ არა გამოძიება, რამდენად აუცილებელი და თანაზომიერი იყო გამოყენებული ძალა და პატიმრების მიმართ დაწესებული შეზღუდვები.

ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, დაიცვას როგორც თანამშრომლები, ისე პატიმრები ძალადობისგან. თუმცა პატიმრის მიერ შესაძლო წესის დარღვევა არ ამართლებს საპასუხო ძალადობას, წამებას ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობას.

მათი თქმით, ძალის გამოყენება მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის შემთხვევაში და თანაზომიერად შეიძლება. პატიმრების მიმართ შეზღუდვები კი არ უნდა გამოიყენებოდეს სასჯელად საჩივრის შეტანის ან სხვა პატიმრის მხარდაჭერის გამო.

ევროპის საბჭოს კომიტეტის გაფრთხილება დეესკალაციის საკნებზე

ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დასკვნებზეც.

2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ციხეებში დეესკალაციის საკნების ხშირი და ზოგჯერ ხანგრძლივი გამოყენების გამო. კომიტეტმა გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ასეთი საკნების გამოყენება პრაქტიკაში შესაძლოა დასჯის ტოლფასი გახდეს.

CPT-ის რეკომენდაციით, დეესკალაციის საკნები მხოლოდ იმ პატიმრებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რომლებიც აღგზნებულ ან აგრესიულ ქცევას ავლენენ. ასეთ საკანში მოთავსება უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება მოკლე დროით, ხოლო პატიმარს სამედიცინო და არა სასჯელაღსრულების პერსონალი უნდა აკონტროლებდეს.

დავით ფეიქრიშვილის სასტიკად ცემის ბრალდება

2026 წლის 20 ოქტომბერს ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მის კლიენტს, დავით ფეიქრიშვილს, გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრიდან მოყოლებული თანამესაკნეები არაერთხელ სცემდნენ.

ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ოთხი ნეკნი ჰქონდა მოტეხილი, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა და სახის ძვლები, სხეულზე კი მრავლობითი სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ის 19 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო პერსონალმა მრავლობითი დაზიანებები დაადასტურა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 19 ოქტომბერს თავდაპირველად უარყო ფეიქრიშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია. თუმცა 20 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ცნობებისა და საზოგადოებრივი კრიტიკის გაძლიერების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

22 ოქტომბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ფეიქრიშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველმა პროკურატურას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

26 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ მედიას აცნობა, რომ საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

ამავე დროს, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პატარიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.

ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაასრულოს დაუსჯელობა

Amnesty International-ისა და საიას შეფასებით, ციხეებში ძალადობის შესახებ ახალი ბრალდებები კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას საქართველოში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო.

„ეს ბრალდებები იწვევს კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას საქართველოში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე მუდმივი დაუსჯელობის, მათ შორის დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ 2024 წლიდან ფართოდ გავრცელებული ძალადობის გამო.

ეფექტიანი გამოძიებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ასეთი მარცხი წარმოშობს რისკს, რომ ეს ძალადობა კიდევ გაგრძელდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაარღვიოს დაუსჯელობის ეს წრე; შექმნას ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელსაც ჭეშმარიტად შეეძლება ძალადობის ეფექტიანად და დამოუკიდებლად აღკვეთა; შექმნას საჩივრების ნამდვილად დამოუკიდებელი განხილვის მექანიზმები და დაზარალებულები უზრუნველყოს გარანტირებული სამართლიანობითა და კომპენსაციით“, – ნათქვამია საიას და Amnesty International-ის ერთობლივ განცხადებაში.