4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდადებულებს – მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
პროკურატურასა და მსჯავრდადებულებს შორის შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა ბრალის აღიარებაა.
პირობების მიხედვით, ოთხივე მსჯავრდადებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს.
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები არიან. მათ 2026 წლის 7 მაისს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას კი 5-5 წელი.
მურთაზ ზოდელავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სამი მუხლით: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს კი ბრალი ორი მუხლით წარედგინა – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკვიას, პროკურატურა მას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
გური ჟვანიას კი ბრალად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდა.