„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა

პუბლიკა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა – ინფორმაცია „პუბლიკას“ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა დაუდასტურა.

ხატიაშვილის თქმით, მოსამართლე მაია კვირიკაშვილმა მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ის ჩუბინიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქონდათ გასაჩივრებული.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, სასამართლოს გააცნო პოზიცია, რომ დიტო ჩუბინიძე პოლიტიკური პატიმარია და „ისტორიაში არ მომხდარა, რომ ჟურნალისტი დაეკავებინოთ რესპონდენტთან ინტერვიუს გამო“.

„მივმართე ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, ამერიკულ სახელმწიფო დეპარტამენტს და ბრალი გადავუგზავნე და ვუთხარი, ამ ბრალით ჯერ არავინ არ დაუჭერიათ, ინტერვიუ ჩაწერა რესპონდენტთან, პრემიერ-მინისტრზე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრს არ გამოუთქვამს ამ საგაზეთო მასალაზე და ადგნენ და დელიმიტაციის კომისიას თურმე ხელი შეუშალა მუშაობაშიო [ბრალად დასდეს].

ეს იცით, რას ნიშნავს? ჩემთან რომ ჩაწეროთ ინტერვიუ, ჩემი ფრაზები გამოიყენო და სახელმწიფო უწყებამ დაწეროს, რომ ხელი შეეშალა და დაგიჭირონ – აი, ეს მივაწოდე მთელს მსოფლიოს და დავაყენე ფეხზე ყველა“, – უთხრა ხატიაშვილმა „პუბლიკას“.

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა.

უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე „სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.

პროკურატურის მტკიცებით, „გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დიტო ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის – ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“.

უწყება ამბობს, რომ ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.

დიტო ჩუბინიძე ბრალდებას არ აღიარებს.

„მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით“, — თქვა დიტო ჩუბინიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას გათავისუფლების შემდეგ.