კანონპროექტით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით იქნება შესაძლებელი

პუბლიკა

„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს.

კანონპროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს ცვლის.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება

კანონპროექტით, არჩევნების შედეგების ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტის თანახმად, ოქმის გასაჩივრება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასში არ არის ასახული ან არასწორად არის ასახული საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები ან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები.

თუ სარჩელი წარმოებაში მაინც იქნა მიღებული, სასამართლოს უფლება აქვს, იმსჯელოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ამ კონკრეტულ გარემოებებზე. შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, დაავალოს ცესკოს თავისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება.

შემთხვევითი გადათვლის ვალდებულება უქმდება

უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიებს ევალებოდათ კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დამატებით არაუმეტეს 5 საარჩევნო უბნის გამოვლენა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული აპარატები გამოიყენება, ხმების დათვლა ამონაწერების ამოპრინტვის შემდეგ ხდება, ხოლო ხელნაკეთი უბნების ბიულეტენები 2 დღეში ციფრულდება და ინტერნეტსივრცეში ქვეყნდება, რის გამოც დამატებითი შემთხვევითი გადათვლა აქტუალობას კარგავს.

არჩევნების შეჯამების ვადა

კანონპროექტით, ცესკომ არჩევნების შედეგები კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა უნდა შეაჯამოს.

დღეს მოქმედი წესით, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების, ასევე თბილისის მერის არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის ცესკოს კენჭისყრის დღიდან 26 დღე აქვს. სხვა მუნიციპალიტეტებში კი საკრებულოებისა და მერების არჩევნების შედეგებს, როგორც წესი, საოლქო საარჩევნო კომისიები 15 დღეში აჯამებენ.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ამ არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო არაუგვიანეს მე-15 დღისა შეაჯამებს. შედეგების შეჯამებისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემები და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განხილვისა და დასრულებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციასა და საერთო სასამართლოებს ჯამურად სჭირდება არაუმეტეს 14 დღე. შესაბამისად, მე-15 დღისთვის უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმები და დამატებითი 11 დღე პროცესს მხოლოდ აჭიანურებს.

დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია

იცვლება დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესიც. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაციას ცესკოს თავმჯდომარე განახორციელებს, ხოლო მხოლოდ ერთ ოლქში დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა რეგისტრაციისთვის განცხადება არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღისა უნდა წარადგინონ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი – არაუგვიანეს 7 დღისა.

ადგილობრივ ორგანიზაციებს დამატებით მოეთხოვებათ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა, ხოლო დამკვირვებელთა სიაში უნდა მიეთითოს მათი სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი და დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას ერთ საარჩევნო უბანზე ერთდროულად არაუმეტეს ორი დამკვირვებელი შეიძლება ჰყავდეს.

საარჩევნო რეკლამა

კანონპროექტით, პოლიტიკური რეკლამის ბოლო წამზე საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და ნომერი უნდა ჩანდეს. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება, რომელიც ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

პროექტით უქმდება საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მაუწყებელსა და გაზეთს საშუალებას აძლევს, ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დრო ან ფართობი სხვა სუბიექტებს თანაბრად გადაუნაწილოს. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს ცვლილება მიზნად ისახავს უფასო სარეკლამო დროის კანონით დადგენილ ზღვარზე მეტად გამოყოფის აკრძალვასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება, ზოგადი წესით, მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებლებზე გავრცელდება. გამონაკლისია თბილისის საკრებულოს შუალედური და თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნები, როდესაც ვალდებულება საზოგადოებრივ და საერთოეროვნულ მაუწყებლებზეც გავრცელდება.

ფინანსური ანგარიშგების ვადები

პროექტით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით კანონით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს კენჭისყრიდან არაუგვიანეს მეხუთე დღისა წარუდგენს. მოქმედი წესით ამისთვის მე-12 დღემდე ვადაა განსაზღვრული.

ცვლილებით ასევე ზუსტდება რეაგირების მექანიზმი: თუ ანგარიში დროულად არ წარდგა ან კანონის დარღვევა დადასტურდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სუბიექტს წერილობით გააფრთხილებს და ხარვეზის გამოსწორებას მოსთხოვს. თუ დარღვევა არსებითია და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, სამსახურს შეეძლება ცესკოსთვის რეკომენდაციის მიცემა, რათა მან სასამართლოს მიმართოს და შედეგები ამ სუბიექტის ხმების გაუთვალისწინებლად შეაჯამოს.

საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები, ოქმების შესწორება და წევრთა ვალდებულებები

საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი ხდება, განცხადებისა ან საჩივრის საფუძველზე, მიიღოს განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

საოლქო კომისიას ასევე ენიჭება უფლებამოსილება, ბათილად ცნოს კენჭისყრის შედეგები იმ საარჩევნო უბანში, სადაც კანონი უხეშად დაირღვა.

კანონპროექტით, აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების უბრალოდ გადასწორება (ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი კომისია, ხოლო გადასწორება იწვევს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისთვის პასუხისმგებლობას). თუ შევსებისას შეცდომა დაშვებულია, მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“, ხოლო კომისია ადგენს შესწორების ოქმს, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი, ესმება ბეჭედი, რეგისტრარდება ჩანაწერთა წიგნში და ერთვება ძირითად შემაჯამებელ ოქმს.

თუ ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას დაშვებულია შეცდომა, ცესკომ აგრეთვე უნდა შეადგინოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი. მას ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი, ხოლო დოკუმენტი ქვეყნდება იმავე წესით, რა წესითაც თავად ცესკოს შემაჯამებელი ოქმი.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს და აქვს განსხვავებული აზრი, უფლებამოსილია, ეს მიუთითოს ოქმის შესაბამის გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს მას.

ამასთან, კანონპროექტით ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარის თქმა ამოღებულია დისციპლინური გადაცდომებიდან (რაც ძველი რედაქციით თანამდებობრივი სარგოს დაკავებას იწვევდა).

კანდიდატების და პარტიების არჩევნებში მონაწილეობაზე უარი

ცვლილებების პროექტის მიხედვით, კანდიდატებისა და პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის, კანდიდატურის მოხსნის ან წარდგენის გაუქმების ვადები იცვლება.

პარლამენტის წევრობის კანდიდატს ან მის წარმდგენ პარტიას/ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-17 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე. იგივე ვრცელდება თბილისის საკრებულოსა და მერობის კანდიდატებზე.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რეგისტრირებული კანდიდატის საკუთარი ინიციატივით ან პარტიის ინიციატივით რეგისტრაციის გაუქმების ვადა, ნაცვლად კენჭისყრის დღემდე მე-16 დღისა, ერთგვაროვნად წესრიგდება და შესაძლებელი ხდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-17 დღისა.