მერია ცხოველთა დამცველებზე: აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონის წინაშე

პუბლიკა

თბილისის მერია ცხოველთა დამცველებზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები“ სოციალურ ქსელებში მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს აქვეყნებენ და უწოდებენ მათ მკვლელებს.

„ე.წ. ცხოველთა დამცველები, რომელთაც არც ცხოველების და მით უმეტეს არც მოქალაქეების უფლებების დაცვასთან რეალურად არაფერი აკავშირებთ, დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.“ – წერს მერია.

მერია განცხადებაში წერს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფს „აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.“

1 ნოემბერს ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

31 ოქტომბერს, „TV პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები იყო ნაჩვენები. მასალას საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში საკითხს ცხოველთა უფლებადამცველებიც გამოეხმაურნენ – მათ პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს მომხდარის შესწავლის მოთხოვნით მიმართეს.