ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ქვეყნის მასშტაბით ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს და პირობა დადეს, რომ დაუპირისპირდებიან მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ გეგმას – კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ოპოზიციური ჯგუფები ამ გეგმას „ალიევის კონსტიტუციას“ უწოდებენ. განცხადება პრორუსი მილიარდერისა და ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანის დაკავებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა.
სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ბოლო წინაპირობას შორის, რომლებიც აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის წამოაყენა. ორმა ქვეყანამ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი 2025 წლის აგვისტოში შეათანხმა, თუმცა საბოლოოდ ხელმოწერილი ჯერაც არ არის. ბაქო ამტკიცებს, რომ სომხეთის კონსტიტუცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს.
სომხეთის კონსტიტუცია ეყრდნობა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც, თავის მხრივ, ნათქვამია, რომ დეკლარაცია ეფუძნებოდა საბჭოთა სომხეთის უზენაესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებას ორი ტერიტორიის „გაერთიანების“ შესახებ. სწორედ ამ ჩანაწერის ამოღებას მოითხოვს აზერბაიჯანი.
კონსტიტუციაში ცვლილებები გასულ კვირას ცხელი განხილვის თემა იყო. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ისიც კი თქვა, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, რათა საკმარისი მანდატები მოიპოვოს და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება შეძლოს. მიუხედავად იმისა, რომ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მას არ აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნისთვის საჭირო ხმების ორი მესამედი.
კარაპეტიანის დაკავებიდან მალევე, „ძლიერმა სომხეთმა“ ერევანში, მილიარდერის სასახლეში, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და „საერთოეროვნული კონსოლიდაციის“ შექმნის შესახებ განაცხადეს.
ახალი კონსტიტუციის მიღების გეგმის წინააღმდეგობის გარდა ჯგუფებმა კიდევ სამი მიზანი დაასახელეს: „მშვიდობა ცალმხრივი დათმობებისა და ტერიტორიული დანაკარგების გარეშე“; „ეროვნული იდენტობისა და სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის დაცვა“; ასევე „დემოკრატიული თავისუფლებებისა და უფლებების აღდგენა“.
მათ ალიანსში გაწევრებისკენ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადო მოღვაწესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს.
ფაშინიანის თქმით, „სურათის სრულყოფისთვის“ შეხვედრაში მონაწილეობა გარეგინ II-ს უნდა მიეღო
შეხვედრა რამდენიმე საათში გაიმართა მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს დააკავეს სამველ კარაპეტიანი და მისი 35 თანამოაზრე. დაკავებები უკავშირდება სისხლის სამართლის გამოძიებას, რომელიც სომხეთის ელექტროენერგიის მთავარი ქსელის ოპერატორის, Electric Networks of Armenia-ს (ENA) საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში კომპანიას 65 მილიარდ დრამზე (180 მილიონი დოლარი) მეტი ზიანის მიყენებას ედავებიან.
ENA კარაპეტიანის კუთვნილი Tashir Group-ის საკუთრებაა, თუმცა ნაციონალიზაციის პროცესის დასრულებამდე კომპანია ამჟამად სახელმწიფოს მართვაშია.
დაკავებებს წინ უძღოდა ჩხრეკა კარაპეტიანის სასახლეში, ასევე მისი ძმისშვილის, ნარეკ კარაპეტიანის სახლში, რომელიც პარლამენტში „ძლიერი სომხეთის“ ფრაქციას ხელმძღვანელობს და კიდევ 60 სხვა მისამართზე.
გამოძიება ასევე ეხება ENA-ს დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრს, კომპანიის გენერალურ დირექტორს, გენერალური დირექტორის მოადგილესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
ხელისუფლების განცხადებით, მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, „კარაპეტიანის მითითებით, 2016-დან 2024 წლამდე პერიოდში რამდენიმე პირმა ჩაიდინა ოთხი ცალკეული დანაშაული, რაც მოიცავს კერძო სექტორში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მინდობილი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას“.
4 ნოემბერს დაკავებამდე კარაპეტიანი უკვე იყო შინაპატიმრობაში – 2025 წლის დეკემბრიდან. მანამდე, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრალდებები ეხებოდა მის განცხადებებს, რომლითაც ის სომხურ სამოციქულო ეკლესიას უჭერდა მხარს ფაშინიანსა და პარტია „სამოქალაქო შეთანხმებასთან“ დაპირისპირების ფონზე.
სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწოდებების ბრალდების წაყენების შემდეგ კარაპეტიანმა პოლიტიკაში ჩართვისა და პარტია „ძლიერი სომხეთის“ შექმნის შესახებ განაცხადა. პარტია ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „სამოქალაქო შეთანხმების“ მთავარ კონკურენტად ჩამოყალიბდა.
„ძლიერმა სომხეთმა“ კარაპეტიანის დაკავება სომხეთის კონსტიტუციის გარშემო მიმდინარე დებატებს დაუკავშირა.
„სამველ კარაპეტიანის ხელახლა პატიმრობაში დატოვებით, ფაშინიანი ცდილობს ანტიდემოკრატიული მეთოდებით თავს მოგვახვიოს ალიევის კონსტიტუციის მიღება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიამ გამოთქვა რწმენა, რომ ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის „თავს მოხვევას“ ვერ შეძლებს, რადგან, მათი მტკიცებით, სომეხი ხალხი მას ეწინააღმდეგება.
„ერთად ვეტყვით „არას“ ალიევის კონსტიტუციას და „დიახ-ს“ — სომხეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას“, – წერია განცხადებაში.
ნარეკ კარაპეტიანმა უარყო ბიძამისის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიც. მისი თქმით, სამველ კარაპეტიანი ENA-ს მფლობელია და შეუძლებელია, საკუთარ კომპანიაში დარღვევები ჩაედინა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება სამველ კარაპეტიანის დაკავების გამოყენებას „სავაჭრო ბერკეტად“ ცდილობს, რათა ახალი კონსტიტუციის მხარდაჭერა მოიპოვოს.
კარაპეტიანი ივნისის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებისა და სხვა ზომების უფრო ფართო ტალღის ფონზე დააკავეს. მისი დაკავებით ფაშინიანის ყველა მთავარი პოლიტიკური კონკურენტი წინასწარ პატიმრობაში აღმოჩნდა. მათ შორის არიან ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი.
5 ნოემბერს, ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, ფაშინიანი ოპოზიციის შეხვედრას გამოეხმაურა და ირონიულად აღნიშნა, რომ შეკრებას ერთი მნიშვნელოვანი პირი აკლდა – კათოლიკოსი გარეგინ II.
სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაძაბულობა ღია დაპირისპირებაში 2025 წლის მაისში გადაიზარდა, როდესაც ფაშინიანმა გარეგინ II-ის გადაყენების პირობა დადო. კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც საეკლესიო პირები სულ უფრო აქტიურად ჩაერთვნენ პოლიტიკაში. მათ შორის იყო ანტისამთავრობო მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“, რომელსაც მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობდა.
„ის [გარეგინ II] რომც ყოფილიყო იქ, სურათი სრულყოფილი იქნებოდა და, ჩემი აზრით, ამ ფორმატს სულ რამდენიმე დღეში შეეძლო სომხეთში რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის გამოწვევა. თუმცა, ახლაც არ არის გვიან. მაგალითად, თუ ისინი ამ საღამოს ამავე ფორმატში შეიკრიბებიან, ვფიქრობ, კვირა საღამოსთვის რევოლუცია უკვე მოხდება“, – თქვა ფაშინიანმა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმესა და ოპოზიციის რეაქციას, ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ძარცვას“ სხვა ცნებებისა და ტერმინების უკან მალავდნენ, როგორიცაა „აზერბაიჯანი, ალიევი, თურქეთი და ა.შ.“
მისი თქმით, სამართალდამცველმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ, როდესაც დარღვევები გამოვლინდება. მან ასევე აღნიშნა, რომ „უნდა დავადგინოთ ჩვენი ე.წ. კეთილისმყოფელების ქონების წარმომავლობა“ – რითაც სამველ კარაპეტიანზე მიანიშნა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.