2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნდა

პუბლიკა

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნდა.

პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 32 მილიარდ 713.7 მილიონი ლარით განისაზღვრა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს 2026 წლის დამტკიცებულ გეგმაზე 1 მილიარდ 832.3 მილიონი ლარით, ხოლო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზე 642.2 მილიონი ლარით მეტია.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მოცულობა 33 მილიარდ 3 მილიონი ლარია. ეს 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 2 მილიარდ 243.6 მილიონი ლარით, ხოლო პროექტის წინა ვერსიას 837 მილიონი ლარით აღემატება.

ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი 38 მილიარდ 243 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე 2 მილიარდ 263 მილიონი ლარით მეტია.

პროექტში აისახა 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით გაზრდა [20-ის ნაცვლად].

შესაბამისად, 2027 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 415 ლარი გახდება, ნაცვლად  370 ლარისა.

2027 წლისთვის საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამის მიმართულებით 5.7 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც  ბიუჯეტის პირველად პროექტზე 130 მილიონი ლარით მეტია.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიარდ 907.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე 427.6 მილიონი ლარით მეტია.

სოციალური დაცვისთვის 7 მილიარდ 693.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ მიმართულების დაფინანსება პირველად პროექტთან შედარებით 163 მილიონი ლარით გაიზარდა.

მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებისთვის 1 მილიარდ 671.5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე შშმ პირებისთვის სოციალური გასაცემლის 60 ლარით, ხოლო შშმ პირთა სხვა კატეგორიებისთვის 45 ლარით გაზრდა.

ასევე გათვალისწინებულია 120 ათასამდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისთვის ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება.

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება 34.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 159 მილიონ ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 2 მილიარდ 462.8 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის გეგმაზე 242.9 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ პროექტზე 117.6 მილიონი ლარით მეტია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 1 მილიარდ 650 მილიონი ლარია გათვალისწინებული – თავდაპირველ პროექტთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტი.

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის დაფინანსება 44.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 114.2 მილიონ ლარს შეადგენს.

ასევე, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების გაზრდა.

ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში 140 მილიონი ლარით გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიმართულების დაფინანსება.

ამ პროგრამისთვის 418.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. განმარტებითი ბარათის თანახმად, დამატებითი თანხა უკავშირდება ახალ სამთავრობო ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც დევნილთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება იგეგმება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 1.1 მილიონი ლარით განისაზღვრა. ეს 2026 წლის დამტკიცებულ გეგმაზე 298.9 მილიონი ლარით, ხოლო პროექტის პირველად ვერსიაზე 73.1 მილიონი ლარით მეტია.

ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების დაფინანსება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებშია გათვალისწინებული. ამ თანხების ჩათვლით, 2027 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისთვის ჯამში 3 მილიარდ 709.6 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

სკოლამდელი და ზოგადი განათლებისთვის 2 მილიარდ 99.2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები გაიზრდება. მომდევნო წლის სექტემბრიდან ასევე გაორმაგდება სადამრიგებლო დანამატი.

უმაღლესი განათლებისთვის 266.7 მილიონი ლარია გამოყოფილი, საიდანაც 105 მილიონი ლარი უმაღლესი განათლების რეფორმას მოხმარდება. ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროფესიული განათლებისთვის 263 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც თავდაპირველ პროექტზე 15 მილიონი ლარით მეტია.

ინკლუზიური განათლების დაფინანსება 138.4 მილიონი ლარია. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობისა და მათი ხელფასების ზრდა.

კულტურის სამინისტროს დაფინანსება თავდაპირველ პროექტთან შედარებით 17.3 მილიონი ლარით გაიზარდა და 387.3 მილიონი ლარი შეადგინა.

სპორტის სამინისტროს დაფინანსება 23.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 405.7 მილიონი ლარი გახდა.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 290.3 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 255.3 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის 660 მილიონი ლარის გამოყოფა, ასევე ჯარისკაცების ხელფასების ზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონი ლარით გაიზარდა და 1 მილიარდ 750 მილიონი ლარით განისაზღვრა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების ზრდა და საპატრულო და სხვა საპოლიციო დანაყოფების კონტინგენტის გაზრდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 405 მილიონი ლარი იქნება, რაც 15 მილიონი ლარით მეტია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი კი 23 მილიონი ლარით გაიზარდა და 155 მილიონ ლარს შეადგენს.

2027 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით გაიზრდება და 1 735 ლარს შეადგენს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ზრდა კერძო სექტორში ბოლო ოთხ კვარტალში დაფიქსირებული ხელფასების მატებას უკავშირდება.

საბაზისო ხელფასის ზრდას ავტომატურად მოჰყვება იმ თანამდებობის პირთა ხელფასების ზრდა, რომელთა ანაზღაურება კოეფიციენტების სისტემით გამოითვლება.

მაგალითისთვის, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 16 000 ლარიდან 1 350 ლარით, 17 350 ლარამდე გაიზრდება;

ამასთან, რიგ უწყებებში საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული საჭიროებების გამო საშტატო ერთეულებიც გაიზარდა – ჯამში დაახლოებით 2 ათასი შტატით.

შედეგად, შრომის ანაზღაურების ფონდი 468 მილიონი ლარით იზრდება.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯებისთვის 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1.2 მილიარდი ლარით აღემატება.

მათ შორის:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის — 2.8 მილიარდ ლარზე მეტი;
  • საგზაო ინფრასტრუქტურისთვის — 1 მილიარდ 382 მილიონი ლარი;
  • განათლების ინფრასტრუქტურისთვის — 830 მილიონი ლარი;
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებისთვის — 350 მილიონი ლარი;
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის — 230 მილიონი ლარი;
  • სპორტული ინფრასტრუქტურისთვის — 310 მილიონი ლარი;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის — 100 მილიონი ლარი;
  • დევნილთა და მიგრანტთა განსახლების პროექტებისთვის — 408 მილიონი ლარი;
  • ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისთვის — 142.5 მილიონი ლარი;
  • საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდისთვის — 250 მილიონი ლარი;
  • თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის — 125 მილიონი ლარი;
  • სოფლების ინტერნეტიზაციისთვის — 107 მილიონი ლარი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 1 მილიარდ 382 მილიონი ლარიდან 773 მილიონი ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მომდევნო წელს დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რისთვისაც 260 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ასევე, 50 მილიონი ლარი გამოიყოფა წიწამური-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისთვის, 50 მილიონი – თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთისთვის, 105.5 მილიონი – რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზებისთვის, ხოლო 30 მილიონი – ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისთვის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232.4 მილიონი ლარია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 1 მილიარდ 212.6 მილიონ ლარს შეადგენს. თავდაპირველ პროექტთან შედარებით გაიზარდა მეწარმეობის, ტურიზმისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროგრამების დაფინანსება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 984.6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ერთიანი აგროპროექტის დაფინანსება 74.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 387.3 მილიონი ლარი გახდა. დაემატა ახალი პროგრამები საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერისა და საწარმოო დანახარჯების თანადაფინანსების მიმართულებით, რისთვისაც 25 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაიზარდა შეღავათიანი აგროდაფინანსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების დაფინანსებაც.

იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 541.7 მილიონი ლარია, რაც თავდაპირველ პროექტზე 51.3 მილიონი ლარით მეტია. დამატებული თანხიდან 28.8 მილიონი ლარი პენიტენციურ სისტემას, ხოლო 15 მილიონი – ელექტრონული მმართველობის განვითარებას მოხმარდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 240 მილიონი ლარია, თავდაპირველ პროექტთან შედარებით 7.2 მილიონი ლარით მეტი.

საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 95.4 მილიონი ლარია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის – 46.2 მილიონი, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის – 60.8 მილიონი ლარი.

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები 38 მილიარდ 363 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე 2 მილიარდ 370 მილიონი ლარით მეტია.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 29 მილიარდ 875 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2 მილიარდ 25 მილიონი ლარით აღემატება. პროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 355 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საგადასახადო შემოსავლების ძირითადი სახეებია:

  • საშემოსავლო გადასახადი — 9 მილიარდ 970 მილიონი ლარი;
  • მოგების გადასახადი — 3 მილიარდ 650 მილიონი ლარი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი — 12 მილიარდ 225 მილიონი ლარი;
  • აქციზი — 2 მილიარდ 800 მილიონი ლარი;
  • იმპორტის გადასახადი — 160 მილიონი ლარი;
  • ქონების გადასახადი — 870 მილიონი ლარი;
  • სხვა გადასახადები — 200 მილიონი ლარი.

დღგ-ის საერთო მოცულობიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 9 მილიარდ 780 მილიონი ლარი, ხოლო მუნიციპალურ ბიუჯეტებში 2 მილიარდ 445 მილიონი ლარი მიიმართება.

ნაერთი ბიუჯეტის გრანტების სახით 345 მილიონი ლარია დაგეგმილი, სხვა შემოსავლები კი 2 მილიარდ 475 მილიონს შეადგენს.

ვალდებულებების ზრდის სახით ნაერთი ბიუჯეტი 4 მილიარდ 797 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. მათ შორის, საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით 2.8 მილიარდი ლარის მოზიდვა იგეგმება, რაც თავდაპირველ პროექტზე 200 მილიონი ლარით მეტია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საშინაო ვალის წილის ზრდა მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საგარეო ვალის წილის შემცირებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები 2026 წელთან შედარებით 940 მილიონი ლარით მცირდება და 3 მილიარდ 624 მილიონ ლარს შეადგენს.

შემცირების მიზეზად განმარტებით ბარათში 2026 წელს 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება სახელდება – შესაბამისად, 2027 წელს მათი დაფარვის ხარჯი აღარ არის გათვალისწინებული.

2027 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეა გათვლილი. მთავრობის პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 31.1% იქნება.