რეჟისორი დავით დოიაშვილი დგამს ლიბანური წარმოშობის კანადელი დრამატურგის, ვაჟდი მუავადის (Wajdi Mouawad) ყველაზე ცნობილ და ტრაგიკულ პიესას “ხანძრები”.
ვიდრე ყოფილი კულტურის მინისტრის მიერ გაუქმებულ “ახალ თეატრში” შალახოებისა და რესტორნული სიმღერებით დახმარებით ტელეშოუები იმართება, ამ თეატრისა და ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უკვე გაუქმებული ქართული თეატრის დამარსებელი, დავით დოიშვილი ახალ პიესაზე მუშაობას შეუდგა.
2003 წელს დაწერილი და დასავლეთში მრავალჯერ დადგმული პიესა “ხანძრები” ლიბანის სამოქალაქო ომის საშინელებების, ოჯახური საიდუმლოებების, ემიგრაციაში იდენტობის ძიებისა და წარსულის მოუნელებელი ტრავმების გამოძახილია, რომელიც რამდენიმე თაობის პრობლემად იქცევა.
პიესა ეყრდნობა სწორედ ლიბანის სამოქალაქო ომის კონტექსტს და გარკვეულწილად, შთაგონებულია ცნობილი მემარცხენე ლიბანელი აქტივისტი ქალის, სოჰა ბეშარას ცხოვრებით. ყოველგვარი ოფიციალური ბრალდებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ის ათი წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. აქედან ექვსი წელი სრულ იზოლაციასა და მძიმე წამებაში (მათ შორის, ელექტროშოკითაც) გაატარა.

ამავე დროს, ეს პიესა ბერძნული ტრაგედიების, კერძოდ,
„ოიდიპოს მეფის“ტრანფორმირებული და თანამედროვე გამოძახილია, რომლის მიხედვით ცნობილმა კანადელმა რეჟისორმა, დენი ვილნევმა (Denis Villeneuve) 2010 წელს გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი “ხანძრები”. ფილმი ნომინირებული იყო „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
პიესის ერთ-ერთი გმირია ნავალი (სწორედ ისაა სოჰა ბეშარის პროტიტიპი), რომელიც ლიბანის საპატიმროდან სიკვდილს გამოექცა, კანადაში ემიგრაციაში ცხოვრობდა და სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობასა და სიჩუმეში გაატარა. ის ნოტარიუსს უცნაურ ანდერძს უკითხავს, რომ ღირსეულად დაიკრძალოს, ხოლო მისმა ტყუპმა შვილებმა – ჟანამ და სიმონმა მოძებნონ მამა, რომელიც მათ მკვდარი ჰგონიათ და კონვერტი გადასცენ… ჟანა და სიმონი მიემგზავრებიან ახლო აღმოსავლეთში, ომით განადგურებულ ქვეყანაში (რაც აშკარად მიანიშნებს ლიბანზე), რათა წერილის ადრესატი იპოვონ და წარსულის საიდუმლოებს ფარდა ახადონ.
მოქმედება პარალელურად ორ დროში ვითარდება: ტყუპების მოგზაურობა აწმყოში და თავად ნავალის ახალგაზრდობა ომის, ტყვეობისა და წამების პერიოდში. პიესა მტკივნეულად და ზუსტად აჩვენებს თუ როგორ აქცევს ომი დაუცველ ადამიანებს ჯალათებად და როგორ შობს ძალადობა ახალ ძალადობას. ნავალის დუმილი წლების განმავლობაში არის პროტესტიც და ერთადერთი გზაც, რათა წარსულის “ხანძრებმა” შვილების მომავალი ნაადრევად არ იმსხვერპლონ.
როგორც აღმოჩნდა, პიესა დღესაც არანაკლებ აქტუალურია, რადგან ომი არ მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით ან შეთანხმებით. ტრავმა, დუმილი და ტკივილი მემკვიდრეობით გადაეცემათ შვილებს, რომლებიც იძულებულნი არიან, საკუთარი იდენტობის მოსაძებნად მშობლების წარსულს და სისხლიან აჩრდილებს შეებრძოლონ.

სპექტაკლში მონაწილეობენ – ნინო კასრაძე, მანუ თავაძე, კახა კინწურაშვილი, ნატა მურვანიძე, ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, გოგა გველესიანი, გივიკო ბარათაშვილი… ასე რომ, თეატრალებს დიდი სიურპრიზი ელით. პრემიერა მომავალი წლის იანვარში ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში, კომპანია EMOLAS Corporation-ის ძალისხმევით გაიმართება.
P.S. „ხანძრები” (ინგლისურენოვან სამყაროში ცნობილია სახელწოდებით Scorched) დასავლეთის თეატრებში ბევრჯერ დაიდგა და დიდი წარმატებითაც. თავად პიესის ავტორი, ვაჟდი მუავადი თეატრის რეჟისორიცაა და პირველი მნიშვნელოვანი დადგმები სწორედ მას ეკუთვნის კანადასა და საფრანგეთში.
დასავლურმა თეატრალურმა კრიტიკამ „ხანძრები” აღფრთოვანებით, თუმცა გარკვეული ემოციური შოკის თანხლებით მიიღო. წამყვანი კრიტიკოსები (მათ შორის The Guardian, The New York Times და სხვა ევროპული გამოცემები) პიესას ახასიათებენ როგორც “მონუმენტურ და იშვიათი მასშტაბის თანამედროვე ტრაგედიას, რომელმაც დასავლური თეატრი ერთგვარი ჩაკეტილი სიუჟეტების ჩარჩოდან გამოიყვანა და რეალობაში დააბრუნა”.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კრიტიკის მიერ აღიარებული დადგმა გერმანელ რეჟისორს, ტილმან კიოლერს ეკუთვნის ბერლინის ცნობილ Deutsches Theater-ში. დარბაზში აგებული იყო ფოლადის ერთგვარი პოდიუმი, რომლის გარშემოც, ორ საპირისპირო მხარეს, მაყურებელი იჯდა. რეჟისორმა თითქმის გააუქმა ზღვარი დარბაზსა და სპექტაკლს შორის, ხოლო მაყურებელს მოწმისა და თანამონაწილის როლი დააკისრა.
შტუტგარტის სახელმწიფო თეატრში კი რეჟისორმა ბურკჰარდ კოსმინსკიმ სპექტაკლი კიდევ უფრო რეალისტური და მრავალფეროვანი გახადა. დადგმაში მსახიობები ერთდროულად საუბრობდნენ გერმანულ, ებრაულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. რამაც ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის კულტურულ და პოლიტიკურ მრავალშრიანობას და ერთგვარ ბაბილონის გოდოლს, რომელსაც ომი ადამიანებს შორის აღმართავს.