აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ხოლო დუბლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. როგორც განაცხადეს, მათი მიზანია აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების წინ წაწევა.
10 და 11 ნოემბერს აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ტყვეების ფართომასშტაბიან გაცვლაზე შეთანხმდნენ და გარკვეულ ტექნიკურ პროგრესსაც მიაღწიეს. თუმცა, როგორც აშშ-ის წარმომადგენლებმა თქვეს, „მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს“.
ამასთან, ვაშინგტონი სამშვიდობო პროცესში ევროპის ოფიციალურად ჩართვასაც ცდილობს. ჯარედ კუშნერის განცხადებით, ის ხვალ ვლადიმირ პუტინისგან ამ ინიციატივაზე „კურთხევის“ მიღებას შეეცდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ევროპა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი. ამის შესახებ მან დღეს დანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისასაც ისაუბრა.
X-ზე ზელენსკიმ დაწერა:
„პირველი: არსებობს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმება, რომელიც ტყვეების ახალი გაცვლისთვის მზადებას ეხება.
მეორე: მხარეებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საკუთარი ხედვები განიხილეს. აუცილებელია, რომ პირველი ნაბიჯი ამ ომის დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იყოს.
მესამე: განიხილეს შემდგომი მუშაობის უფრო ფართო ფორმატები, რომლებშიც ევროპელებიც იქნებიან ჩართული.
შემდეგ ამერიკის წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან, ხოლო ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ შევათანხმებთ ჩვენს პოზიციებს და განვსაზღვრავთ, რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. მათ ხვალ დუბლინში ვხვდებით.
უკრაინის პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი ღირსეული მშვიდობით. მიგვაჩნია, რომ ევროპის წარმომადგენლობა აუცილებელია რეალური დიპლომატიის ყველა ეტაპზე.
მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდეს მტკიცე პოზიცია და გავლენა მოახდინოს ამ ომის წყაროზე – რუსეთზე, რათა რუსეთმა თავადვე დაასრულოს მის მიერ დაწყებული ომი“.
ამავდროულად, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხი პერიოდულად სხვადასხვა მხრიდან წამოიჭრება. უკრაინის მიერ კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება – პრეზიდენტს ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია – რუსეთის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნის თაობაზე. ეს ზონა ახლა საკმაოდ მასშტაბურია, ფართოვდება და მომავალშიც გაფართოვდება. ამ ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მედინსკიმ რუსულ მედია „ვესტისთან“ საუბრისას.
მედინსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 2024 წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის ოლქში განხორციელებულ ოპერაციას გულისხმობდა, რომლის დროსაც უკრაინულმა ძალებმა საზღვარი გადაკვეთეს და რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის შექმნა და უკრაინის სუმის ოლქის მოსახლეობის რუსეთის თავდასხმებისგან დაცვა იყო. ოპერაცია ასევე განიხილებოდა, როგორც კიევის შესაძლო დამატებითი ბერკეტი მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა კი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, უეს სტრიტინგის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის დამატებითი არხების შექმნას, განსაკუთრებით კი სამხედრო უწყებებს შორის პირდაპირ კონტაქტს შეეხებოდა.
სტრიტინგმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ პირდაპირი სამხედრო კომუნიკაცია აუცილებელია შესაძლო „არასწორი გათვლების“ თავიდან ასაცილებლად.
„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვურჩიო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს, დაუკავშირდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. ისინი ტელეფონს აიღებენ და საუბარს გამართავენ“, – განაცხადა ზახაროვამ.
კითხვაზე, მიუახლოვდნენ თუ არა რუსეთი და უკრაინა მშვიდობას, ვლადიმირ მედინსკიმ უპასუხა: „ვფიქრობ, რომ დიახ. ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინაზე, შეერთებული შტატების პოზიციასა და იმაზე, მოვა თუ არა ევროპა გონს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მიზანი, რომელიც ჩვენ დავისახეთ, მიღწეული იქნება“.
მანამდე მედინსკიმ თქვა, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა რამდენიმე საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, შეთანხმდნენ შემდგომი მოლაპარაკებების გამართვასა და ტყვეების ფართომასშტაბიან გაცვლაზე.
პუტინს შესაძლოა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც ესაუბროს.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა მას შემდეგ გაიმართოს, რაც აბუ-დაბიში უკრაინასთან დაკავშირებით სამომავლო მოლაპარაკებების ძირითად პრინციპებზე ფართო შეთანხმება შედგა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კითხვაზე, მზად არის თუ არა მერცი პუტინთან სასაუბროდ, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„აბუ-დაბიში ახლა უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ძირითად ჩარჩოებზე. ეს შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტსაც გაეცნო. ამის საფუძველზე შესაძლოა მოლაპარაკებები გაიმართოს“.
აბუ-დაბიში რუსმა, უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ორდღიანი მოლაპარაკებები გამართეს, რომლის მიზანიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზების განხილვა იყო.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში აღნიშნულ ძირითად პრინციპებზე შეთანხმება ევროპელ, ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის შედგა და არა რუსეთთან. მისივე თქმით, ეს პრინციპები გავლენას მოახდენს მომავალ მოლაპარაკებებზე.