აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, ბრალდებულსა და მოკლულ ცოლ-ქმარს შორის 4 წელი მედიაცია მიმდინარეობდა, დღეს კი იძულებითი აღსრულება იყო დაგეგმილი

პუბლიკა

აღსრულების ეროვნული ბიურო ადასტურებს, რომ „გერმანული ჰოსპიტლის“ სიახლოვეს მოკლულ პენსიონერ ცოლ-ქმარსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ბინის შესახებ.

როგორც ბიურო წერს, მოლაპარაკების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მკვლელობის დღეს, 11 ნოემბერს შედგა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ დღეს, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო ბრალდებულის ოჯახის იძულებითი გამოსახლება.

„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

11 ნოემბერს თბილისში პენსიონერი ცოლ-ქმარი, 72 წლის სოსო სუჯაშვილი და მისი მეუღლე, ნანა ფირანიშვილი ჩაცხრილეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა მკვლელობაში ბრალდებულის ბინა აუქციონზე შეიძინა, თუმცა ბრალდებული ბინას არ ტოვებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.