დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდება წარედგინა გიორგი პატარიძეს, ასევე გლდანის ციხის ყოფილ უფროსს და კიდევ 5 პირს

პუბლიკა

პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში ძალადობის საქმეზე 7 პირს – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო“), დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდადებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე.

განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს ბრალდება წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

მე-8 პენიტენციურ განყოფილებაში მყოფი ბრალდებულის, დავით ფეიქრიშვილის, ცემის შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა. ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.

ცემაზე ცნობები იმავე დღეს „კატეგორიულად უარყო“ პენიტენციურმა დაწესებულებამ.

მეორე დღეს, 20 ოქტომბერს, ფეიქრიშვილის დედა პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მოითხოვა.

20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი დაზიანებით იყო გადაყვანილი „ვივამედში“, რაც კლინიკის დირექტორმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს პენიტენციურში.

მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.

ბრალდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პარალელურად პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე გაავრცელა განცხადება. გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

თავის მხრივ, ფეიქრიშვილის ბრალდებები უარყო ვატო ყიფიანმა და განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს არ შეხვედრია.

22 ოქტომბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ფეიქრიშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველმა პროკურატურას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

26 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

ამავე დროს, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პატარიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.