კათოლიკე ეკლესიის განცხადებით, ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა კონფერენციისთვის საკონფერენციო დარბაზის გამოყენებაზე უარი უთხრეს.
მათი ცნობით, ამის მიზეზად ორივე მათგანმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა. Catholics.ge წერს, რომ ორივე ადგილი მოინახულეს და სამუშაოები არცერთ ობიექტზე არ მიმდინარეობს.
Catholics.ge-ს გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა და ეკლესიის ადმინისტრაციაში არსებულმა „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიამ“ ერთობლივად დააორგანიზა.
ჩატარების თარიღად განისაზღვრა 13 ნოემბერი. საკონფერენციო სივრცის გამოყოფის მიზნით ორგანიზატორებმა თავდაპირველად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართეს, სადაც კათოლიკე ქველმოქმედის, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზია.
„უნივერსიტეტიდან პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ გადაწყდა, რომ წერილი მიგვეწერა ახალციხის მერისთვის“, – ამბობს „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიის“ ხელმძღვანელი, გაბრიელე ბრაგანტინი.
Catholics.ge-ს ცნობით, 2026 წლის 23 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ოფიციალური წერილით მიმართა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს და რაბათში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული საკონფერენციო დარბაზის დათმობა სთხოვა.
12 ოქტომბერს ახალციხის მერმა უნივერსიტეტს წერილი დაუბრუნა და სივრცის გამოყოფაზე უარი თქვა – ახალციხის ციხეზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართეს უნივერსიტეტს დარბაზის დათმობაზე, რასაც თავდაპირველად დასთანხმდნენ, თუმცა კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილება შეცვალეს, „რადგან საპირფარეშოს რემონტი იყო დაგეგმილი.“
კოფერენცია საბოლოოდ ახალციხის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ახალციხის ციხეზე არსებული დარბაზი ამ ეტაპზე ტექნიკურად გაუმართავია: ჩამოდის წყალი, ჭერიდან ცვივა ბათქაში და შენობა არის საფრთხის შემცველი.
მათი ცნობით, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. დარბაზიდან გატანილია ინვენტარის ნაწილი და შესაბამისი აპარატურა.
„სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ განმცხადებელს, მომართვის შემდეგ. ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მცდელობას“, – აცხადებს მერია.
განცხადებას თან ერთვის ფოტოებიც.
„იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დარბაზია, ამ მდგომარეობაში შეიძლება, იქ ადამიანი შევიდეს და კონფერენცია ჩაატაროს? ფოტოებს თავად შეხედეთ, რა მდგომარეობაშია დარბაზი… სხვა მიზეზი არ არსებობს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, წერილს ვინ მოიწერებოდა“, – უთხრა ვარლამ წიკლაურმა „ფორმულას“.