5-5 წელი მიესაჯათ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელებსაც.
როგორც ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე „პუბლიკას“ განუცხადა, მათი პოზიციაა, რომ აუცილებელია, დაისაჯონ ის პირები, ვინც ლევან ხაბეიშვილის წამება დაუკვეთეს და ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამაში – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი [ხარება], ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და სხვა პასუხისმგებელი პირები.
ლაშა ტყეშელაძის განმარტებით მხარე პროცესებში არ მონაწილეობდა. მისი თქმით, თუ საქმის მასალებს გაეცნობოდნენ, მაშინ გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოუწევდათ ხელმოწერა, რასაც არ დაეთანხმდნენ, ამიტომ მათთვის უცნობია მსჯავრდებულთა ვინაობა.
„თუ ეს ადამიანები დაისჯებოდნენ, მაშინ გავეცნობოდით საქმის მასალებს, სხვაგვარად არ გვაინტერესებდა. ჩვენთვის მთავარი იყო ადამიანები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ – ხარება, გომელაური, სუსის მაშინდელი უფროსი რატომ არ არიან დაკითხულები ან დაკავებულები“ – ამბობს ადვოკატი.
ლევან ხაბეიშვილი 2024 წლის 1 მაისს საპროტესტო აქციაზე დააკავეს და სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.
თავდასხმის შედეგად მან მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მოგვიანებით გავრცელდა, ჩანდა, რომ მას ჰქონდა სახის ძლიერი შეშუპება, სისხლჩაქცევები და გატეხილი ცხვირი. მოგვიანებით დადასტურდა ცხვირისა და ყბა-სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე ტვინის შერყევა.
თავად ხაბეიშვილი ჰყვება, რომ მასზე ძალადობა 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მისივე თქმით, გდდ-ის მაშინდელი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი მას ვიდეოს უღებდა და მისგან მოითხოვდა, კამერის წინ ეთქვა, რომ „ჩმორია“.
ხაბეიშვილის ცემის საქმეზე პროკურატურამ ბრალდებულები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც დაკავების დროს სუსის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი ორი წლის შემდეგ, 2026 წლის 7 მაისს დააკავეს.
საქმის განხილვა სასამართლოში დახურული იყო. საქმის მაშინდელი პროკურორის, ლაშა გამყრელიძის თქმით, ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულთა სხდომის დახურვის მიზეზი გახდა „პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება“. მან არ დაასახელა ბრალდებულთა სახელები და გვარები მათი „პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების გათვალისწინებით“. მისივე თქმით, „ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“.
12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ასევე 5-5 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილზე თავდამსხმელ სამართალდამცველებსაც.