ვატო ყიფიანს, „კაწროსა“ და კიდევ 3 პირს დავით ფეიქრიშვილის საქმეზეც შეეფარდათ პატიმრობა

პუბლიკა

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს (კაწრო), შოთა ყიფიანს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი უკვე იმყოფებიან პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

მათი წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს, 12:00-ზე დაინიშნა.

ბრალდებულები პროცესს არ დასწრებიან.

ვატო ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.

„ეს ბრალი, რაც წარდგენილია, არის დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი, დადგმული სცენა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს გააკეთებენ. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ფეიქრიშვილის ფანტაზიისა. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელი მოგვაწერინეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა კი გუშინ განუცხადა მედიას, რომ „კაწრო“ დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელისა და ციხის უფროსის პროცესი. მათმა ადვოკატმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბრალდებულების პოზიციაზე ვერ ისაუბრებს. მასაც გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

პატიმარ დავით ფეიქრიშვილზე საკანში ძალადობის საქმეზე 7 პირს – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო“), დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.

პროკურატურამ ამბის გახმაურებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ დაადასტურა, რომ N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში დავით ფეიქრიშვილზე 4 დღის განმავლობაში ძალადობდნენ.

გასულ თვეში პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად, არაერთხელ უარყო დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტი.

პროკურატურის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს 4 დღის განმავლობაში სცემდნენ თავის საკანში შესახლებული პირები – ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო), შოთა ყიფიანი, დავით კაჭარავა და პავლე გოცირიძე.

უწყების თანახმად, ბრალდებულ ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ციხის დირექტორს მითითება მისცა, ფეიქრიშვილის საკანში შეესახლებინა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები; ხოლო ციხის დირექტორმა, რამაზ ფირცხალავამ უკანონო მითითება შეასრულა.

პროკურატურა ცემის შედეგებს აღწერს და მიუთითებს, რომ ეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაა:

„მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა“, – აღწერს უწყება.

თავად ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ 40 ნაკერი დაადეს, წამების მოტივაციად კი „მობილურის გახსნას“ ასახელებს.

ცნობისთვის, პროკურატურა 2020 წლიდან ვატო ყიფიანს ედავებოდა ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობას. ყიფიანი 2021 წელს უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს.