გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას ფეიქრიშვილის საქმეზე გირაო შეეფარდათ

პუბლიკა

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ბრალდებულ პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი პატარიძესა და N8 ციხის ყოფილ უფროსს, რამაზ ფირცხალავას 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. ორივე ბრალდებული სხდომას ესწრებოდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესის დაწყებამდე მათმა ადვოკატმა ირმა ბრელიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბრალდებულების პოზიციაზე ვერ ისაუბრებს. მასაც გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა მედიას განუცხადა, რომ ბრალის წარდგენამდე პატარიძე და ფირცხალავა მოწმის სახით გამოიკითხნენ და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდეს.

პროკურორის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვატო ყიფიანმა რამაზ ფირცხალავას სთხოვა, შეესახლებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში. რამაზ ფირცხალავა დაუკავშირდა გიორგი პატარიძეს, რომელმაც ციხის უფროსს ყიფიანის მოთხოვნის დაკმაყოფილების მითითება მისცა.

პროკურორისვე თქმით, დავით ფეიქრიშვილზე საკანში 16-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ძალადობდნენ.

„მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამოკითხულია მოწმეთა ის კატეგორია, რომელსაც რაიმე კავშირი ჰქონდა საქმესთან, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება“, – განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.

პროცესის დასრულების შემდეგ პატარიძისა და ფირცხალავას ადვოკატმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდებაზე პოზიციას არ აფიქსირებენ. მანვე ხაზი გაუსვა გაუთქმელობის შეთანხმებას.

გიორგი პატარიძეს ბრალდება წარედგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ამბის გახმაურებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ დაადასტურა, რომ N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში დავით ფეიქრიშვილზე 4 დღის განმავლობაში ძალადობდნენ.

გასულ თვეში პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად, არაერთხელ უარყო დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტი.

პროკურატურის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს 4 დღის განმავლობაში სცემდნენ თავის საკანში შესახლებული პირები – ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო), შოთა ყიფიანი, დავით კაჭარავა და პავლე გოცირიძე.

უწყების თანახმად, ბრალდებულ ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ციხის დირექტორს მითითება მისცა, ფეიქრიშვილის საკანში შეესახლებინა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები; ხოლო ციხის დირექტორმა, რამაზ ფირცხალავამ უკანონო მითითება შეასრულა.

პროკურატურა ცემის შედეგებს აღწერს და მიუთითებს, რომ ეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაა:

„მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა“, – აღწერს უწყება.

თავად ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ 40 ნაკერი დაადეს, წამების მოტივაციად კი „მობილურის გახსნას“ ასახელებს.

ცნობისთვის, პროკურატურა 2020 წლიდან ვატო ყიფიანს ედავებოდა ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობას. ყიფიანი 2021 წელს უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს.

როგორ აღმოჩდნენ ფეიქრიშვილი, ვატო ყიფიანი და „კაწრო“ ერთ საკანში

დავით ფეიქრიშვილი, მისი ტყუპი ძმა გიორგი ფეიქრიშვილი და დაცვის წევრი ალექსანდრე ჩაფოძე 2026 წლის 22 სექტემბერს დააკავეს.

პროკურატურა დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.

უწყების ცნობით, 2025 წლის 2 ოქტომბერს „შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.“

რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს, მას უწყება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავება.

2026 წლის 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტები ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით. მათ პატიმრობა 16 ოქტომბერს შეეფარდათ.

მე-8 პენიტენციურ განყოფილებაში მყოფი ბრალდებულის, დავით ფეიქრიშვილის, ცემის შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა. ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.

ცემაზე ცნობები იმავე დღეს „კატეგორიულად უარყო“ პენიტენციურმა დაწესებულებამ.

20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი დაზიანებით იყო გადაყვანილი „ვივამედში“, რაც კლინიკის დირექტორმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს პენიტენციურში.

მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.

ბრალდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პარალელურად პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე გაავრცელა განცხადება. გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

თავის მხრივ, ფეიქრიშვილის ბრალდებები უარყო ვატო ყიფიანმა და განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს არ შეხვედრია.

22 ოქტომბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ფეიქრიშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველმა პროკურატურას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

26 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

ამავე დროს, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პატარიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.