ALDE რეზოლუციით მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი

პუბლიკა

დუბლინში, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) საბჭოზე საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს.

ALDE-ის დოკუმენტი გმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვასა და ინტერნეტში გამოთქმული კრიტიკისთვის მოქალაქეთა დასჯას.

დოკუმენტი მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საბოტაჟის ბრალდებების მოხსნას და სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ALDE ევროკავშირს, ევროპის სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, კოორდინირებული მიზნობრივი სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილსა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო და პირადი კავშირები დაცული უნდა დარჩეს.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს უცხოური დაფინანსებისა და ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რეპრესიული შეზღუდვების გაუქმებას, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის აღდგენას და ძალადობის ფაქტების დამოუკიდებელ გამოძიებას.

რეზოლუციის ტექსტი „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა.

კერძოდ, ALDE:

„ადასტურებს ჰელსინკის, ბრიუსელისა და ვენის რეზოლუციების ერთგულებას და მხედველობაში იღებს ევროპარლამენტის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს დასკვნებს;

გმობს:

„ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეპრესიებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურებს, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ინტერნეტში გამოთქმული კრიტიკისთვის დასჯას, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე დაუსჯელობას, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

მოუწოდებს:

– შეწყდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, მათ შორის აკრძალვის გვერდის ავლის მიზნით შექმნილი მემკვიდრე პარტიების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები; ასევე, შეწყდეს პირთა პოლიტიკური საქმიანობიდან გარიყვა პარტიული კუთვნილების ან უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში დასაქმების საფუძველზე. გარანტირებული იყოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება.

– დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ ყველა პოლიტიკური პატიმარი და პირები, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის გამო არიან დაკავებული.

– შეწყდეს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საბოტაჟის ბრალდებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა; დაცული იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და საერთაშორისო ადვოკატირების საქმიანობაში ჩართული პირები; უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესები დამოუკიდებელი მონიტორინგის პირობებში.

– დასრულდეს მშვიდობიან საპროტესტო აქციებსა და გამოხატვის თავისუფლებასთან, მათ შორის ინტერნეტში გამოთქმულ კრიტიკასთან, დაკავშირებული დაკავებები და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება; გაუქმდეს დამსჯელი ხასიათის სამართლებრივი ნორმები.

– გაუქმდეს რეპრესიული შეზღუდვები უცხოეთის აგენტებისა და დაფინანსების შესახებ; აღდგეს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობის შესაძლებლობა; შესრულდეს ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციები; წამების, არასათანადო მოპყრობისა და თავდასხმების შემთხვევები დამოუკიდებლად გამოიძიონ.

– ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო დამკვირვებლების, ოპოზიციის შეუზღუდავი მონაწილეობისა და დაშინებისგან დაცვის უზრუნველყოფით.

მოუწოდებს ევროკავშირს, ევროპის სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს:

– კოორდინირებულად გამოიყენონ მიზნობრივი სანქციები — აქტივების გაყინვა და მოგზაურობის შეზღუდვები — ბიძინა ივანიშვილის, რეპრესიებზე პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და იმ ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომელთა დასანქცირებაც სამართლებრივად შესაძლებელია. ევროკავშირის დონეზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, განახორციელონ კოორდინირებული ეროვნული ზომები.

– საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება დაუკავშირონ დემოკრატიული პროგრესის გაზომვად შედეგებს, პატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო კრიზისის მოგვარებას; ამავდროულად, შეინარჩუნონ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე კომუნიკაციის არხები.

– მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას, იურიდიულ დაცვას, დარღვევების დოკუმენტირებასა და სამოქალაქო მონაწილეობას, მათ შორის ემიგრაციაში მყოფი პირების ჩართულობას; განახორციელონ სასამართლო პროცესებისა და დაკავების პირობების მონიტორინგი და საჯაროდ გააპროტესტონ ამ პროცესებისთვის ხელის შეშლა.

– შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო და პირადი კავშირები და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეფუძნება; დაიცვან საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იღებს ვალდებულებას:

– დაიცვას ALDE-ში საქართველოს წევრი პარტიების მონაწილეობის უფლება, მიუხედავად საქართველოში მათ წინააღმდეგ დაწესებული პოლიტიკური აკრძალვებისა.

– ALDE-ის ბიუროს მეშვეობით, ქართველ წევრებთან და „განაახლე ევროპასთან“ (Renew Europe) კოორდინაციით, იმუშაოს პოლიტპატიმრების საკითხზე, სასამართლო პროცესების მონიტორინგსა და სანქციებზე; სამი თვის ვადაში წარადგინოს ანგარიში და მობილიზება გაუკეთოს ლიბერალური პოლიტიკური მიმართულების თანამდებობის პირებს ეროვნულ და ევროპულ ინსტიტუტებში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.