ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანელი სამხედრო ელნარ თაღიევი, რომელმაც სამხედრო სამსახური ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ დაიწყო, ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მსახურობისას დაიღუპა. მისმა ნათესავებმა ტელეკომპანია Meydan TV-ს განუცხადეს, რომ პოლიციამ მათ აცნობა, თითქოს სამხედრომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თაღიევი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში არასაბრძოლო ვითარებაში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე გარდაიცვალა.
დამოუკიდებელ გამოცემა Meydan TV-ს დაღუპული სამხედროს ერთ-ერთმა ნათესავმა უთხრა, რომ თაღიევმა სამხედრო სამსახური ოქტომბრის ბოლო კვირაში დაიწყო. 8 ნოემბერს სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ჯარისკაცებს რამდენიმე საათით შინ წასვლის უფლება მისცეს. თუმცა ოჯახის წევრებმა იმავე დღის შუადღის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს.
ნათესავის თქმით, იმავე საღამოს პოლიციამ ოჯახს დაურეკა და აცნობა, რომ სამხედრომ ნახჭევანის ქალაქის პარკ „საჰილში“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები საავადმყოფოში მივიდნენ და გარდაცვლილის ცხედარი გადაასვენეს.
ოჯახს ასევე განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ნათესავის თქმით, ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან და მოითხოვენ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვისი ბრალეულობაც ჯარისკაცის დაღუპვაში გამოიკვეთება.
სამხედროს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია „ხაზარის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით არასაბრძოლო ვითარებაში სულ მცირე 44 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ინსტიტუტის ცნობით, დაღუპულთაგან 13 სხვადასხვა დაავადებას ემსხვერპლა, ცხრა ავტოსაგზაო შემთხვევას, შვიდი – სხვა სახის უბედურ შემთხვევებს, ხუთმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კიდევ ერთი სამხედრო დაუდევრობის შედეგად დაიღუპა. ცხრა სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
დაღუპულთაგან 30 თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა, 10 – სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში, ხოლო ოთხი – სხვა ძალოვან უწყებებში.
2025 წელს არასაბრძოლო ვითარებაში სულ მცირე 43 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ოფიციალური უწყებები სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების შესახებ სრულ სტატისტიკურ მონაცემებს არ აქვეყნებენ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.