რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების ფონზე სომხეთმა EU-სთან საგადასახადო თანამშრომლობაზე შეთანხმებები გააფორმა

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

12 ნოემბერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ორი შეთანხმება გაფორმდა, რომლებიც სომხეთის ევროკავშირის საბაჟო და ფისკალური თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს. შეთანხმებები ქვეყანას საშუალებას მისცემს, ევროკავშირის წევრ და სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად ჩაერთოს ამ პროგრამების საქმიანობაში.

მანამდე ევროკავშირის საბჭომ სომხური პროდუქციისთვის დროებითი სავაჭრო ლიბერალიზაციის ზომები მიიღო, რომლებიც ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს მოიცავს. დიდი ხნის განმავლობაში ნავარაუდევი ეს გადაწყვეტილება რუსეთიდან სომხური ექსპორტის შეზღუდვების ფონზე მიიღეს. მოსკოვმა შეზღუდვების დაწესება აპრილში დაიწყო.

შეთანხმებებს ხელი მოაწერეს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ ჰაკობიანმა და კლიმატის, კლიმატური ნეიტრალიტეტისა და სუფთა ზრდის საკითხებში ევროკომისარმა, ვოპკე ჰუკსტრამ.

ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის ამ პროგრამებში მონაწილეობა „მნიშვნელოვანი ნაბიჯია საბაჟო და საგადასახადო სფეროებში ოპერატიული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“. ეს სომხეთის საბაჟო და საგადასახადო უწყებებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ერთობლივ საქმიანობაში და ისარგებლონ ტრენინგებისა და პროფესიული უნარების განვითარების ფართო შესაძლებლობებით.

„თანამშრომლობის ყველა ეს ახალი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთს ევროკავშირთან დაახლოება სურს, ევროკავშირი კი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ის ცნობით, შეთანხმებების მიზანია „სომხეთის საბაჟო და საგადასახადო სისტემების მოდერნიზება, ევროპული გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა, ციფრული შესაძლებლობების განვითარება და საერთაშორისო ინფორმაციის გაცვლის გაფართოება“.

სომხეთი პროგრამებში მონაწილეობისთვის საოპერაციო შენატანსა და მონაწილეობის საფასურს გადაიხდის. ამასთან, საოპერაციო შენატანზე 80%-იანი შეღავათია გათვალისწინებული, რომლის ოდენობაც პროგრამის ბიუჯეტისა და სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საფუძველზე გამოითვლება.

Armenpress-თან ინტერვიუში ჰაკობიანმა თანამშრომლობის სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, რომლებიც სომხეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: გამოცდილების გაზიარება და პროფესიული შესაძლებლობების განვითარება, კონკრეტულ სექტორებში ექსპერტთა თანამშრომლობა და ევროპულ სატრანზიტო სისტემასთან მიერთების შესაძლებლობა.

ჰაკობიანმა ამ უკანასკნელს ბიზნესისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი“ მიმართულება უწოდა. მისი თქმით, ეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის საქონლის გადაადგილებას უფრო ეფექტიანს გახდის, გაამარტივებს საზღვრის გადაკვეთას და დააჩქარებს ვაჭრობას.

„სომხური მხარე გეგმავს, შეისწავლოს, როგორ მუშაობს ეს სისტემა და რა ნაბიჯებია საჭირო მასთან რაც შეიძლება სწრაფად მიერთებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სომხეთიდან ევროპაში საქონლის ექსპორტიორებმა და ევროპიდან სომხეთში პროდუქციის შემომტანმა იმპორტიორებმა ამ სისტემის დადებითი გავლენა რაც შეიძლება მალე იგრძნონ“, – განაცხადა ჰაკობიანმა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.