სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საქართველოში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ მნიშვნელოვან სისტემურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ამ პრობლემებს ორგანიზაცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისგან დაცვის ევროპულ დღეს, 18 ნოემბერს, გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმოიხილავს.
ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ძალადობის დროული გამოვლენა და აღკვეთა, ეფექტიანი მართლმსაჯულება და მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უზრუნველყოფა. ორგანიზაციის თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკაში სადამსჯელო კომპონენტის გააქტიურებას არ ახლავს სათანადო ძალისხმევა მსხვერპლი ბავშვების გრძელვადიანი დაცვის, მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის, ასევე ძალადობის პრევენციის მიმართულებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, ბოლო პერიოდში გამოვლენილი შემთხვევები და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2025-2026 წლებში სექსუალური ხასიათის დანაშაულების მსხვერპლი 300-ზე მეტი არასრულწლოვანი გახდა. ამასთან, ბავშვები ძალადობას ხშირად სწორედ იმ ადამიანების მხრიდან განიცდიან, ვისაც ენდობიან და ვისგანაც დაცვასა და უსაფრთხოებას უნდა იღებდნენ – ოჯახურ, სოციალურ და საგანმანათლებლო გარემოში.
„ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ექცევა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები. იწყება გამოძიებები როგორც არასრულწლოვანთა, მათ შორის, მცირეწლოვანთა გაუპატიურების, ისე ბავშვების მიმართ ჩადენილი სხვა სექსუალური ხასიათის ქმედებების ფაქტებზე. ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს პოლიტიკაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სადამსჯელო კომპონენტი აქტიურად გამოიყენება. თუმცა, ამ პროცესს არ ახლავს შესაბამისი ძალისხმევა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გრძელვადიანი და რეალური დაცვისა და მხარდაჭერის, ასევე დანაშაულის ზოგადი და ინდივიდუალური პრევენციის მიმართულებით. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს არა მხოლოდ დანაშაულის განმეორების რისკის შემცირებას, არამედ ძალადობის ჩამდენ პირთა ქცევის, დამოკიდებულებებისა და ცნობიერების ისეთ ცვლილებას, რომელიც ძალადობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს” – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გრძელვადიან რეაბილიტაციასა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სათანადო სერვისები, რადგან ქვეყანაში მხოლოდ ერთი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრია და ისიც დედაქალაქში. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, გამოწვევად რჩება ბავშვზე მორგებული საგამოძიებო გარემო, სპეციალისტების არასაკმარისი რაოდენობა და სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა „უნდა დაეფუძნოს სისტემურ და მრავალშრიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯას, არამედ ძალადობის პრევენციას, მსხვერპლი ბავშვების უფლებების აღდგენას, გრძელვადიან მხარდაჭერასა და რეაბილიტაციას”.