ბოჭორიშვილის და ლავროვის მოადგილეები ერთმანეთს მინსკში შეხვდნენ 

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე მიხეილ გალუზინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ.

ისინი ერთმანეთს დღეს, 19 ნოემბერს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდნენ.

რუსული საგარეო უწყება წერს, რომ შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე აზრები ვრცლად გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობას დაეთმო. მიღწეულია რამდენიმე პრაქტიკული შეთანხმება. ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსულ მხარეს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტებს გააგრძელებენ“, – წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს წარადგინა პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

წარდგენას მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებაც. 28 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა, მინისტრის მოადგილეს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციაც მიენიჭოს.

მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში განაცხადა, რომ ეს ცვლილება, მათ შორის, უკავშირდება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობების შეთავსებას.

21 ოქტომბერს ბრიფინგზე კობახიძემ სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები შემდეგნაირად აღწერა:

  • რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება;
  • არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი.

„რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არსებობს.

ამ ფორმატით „ოცნებამ“ რუსეთთან არაფორმალური პირდაპირი დიალოგი წამოიწყო, რომელიც საზოგადოებაში „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელით იყო ცნობილი.

რუსეთთან სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლიდან 2024 წლამდე იყო ზურაბ აბაშიძე; ხოლო რუსეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი წარმოადგენდა. შეხვედრები პრაღაში იმართებოდა.

ზურაბ აბაშიძის პრაღაში მივლინების შესახებ დოკუმენტებსა და გავრცელებულ ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავდნენ შემდეგ საკითხებს:

  • სავაჭრო ურთიერთობები;
  • სატრანსპორტო კავშირები;
  • ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები;
  • თანამშრომლობის სხვა შესაძლო სფეროები.

ამ საკითხებს შორის „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“ ნახსენები არაა.

თავად ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა“, მაგრამ ის პირადი ინიციატივით ყოველთვის ცდილობდა დევნილების საკითხის წამოწევას.

ზურაბ აბაშიძის შემდეგ რუსეთთან წარმომადგენელი 2025 წლის დეკემბრამდე გიორგი ქაჯაია იყო.

რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთი საერთაშორისო ოფიციალური ფორმატი ე.წ. ჟენევის ფორმატია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

ფორმატის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო, შეხვედრებში კი მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. მოლაპარაკებები ორ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს:

  • უსაფრთხოება და სტაბილურობა – მათ შორის ძალის გამოუყენებლობის საკითხი და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები.
  • ჰუმანიტარული საკითხები – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაცია და სხვა პრობლემები.

„ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ზურაბაშვილის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთთან ურთიერთობაში „რამე ახალი ეტაპი არ იწყება“.

კობახიძისგან განსხვავებით, ამ გადაწყვეტილებაში რუსეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა დაინახეს ქართველმა დიპლომატებმა.

მათი შეფასებით, სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია როგორც რუსეთთან წარმომადგენლად მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა, ასევე – მისი მანდატის გაფართოება.

დიპლომატები აცხადებენ, რომ მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.

2026 წლის 30 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებების სხვაგან გადატანა სურს.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა გადავიდეს თუ არა სამხრეთ კავკასიის შესახებ მოლაპარაკებები ჟენევიდან „უფრო მეგობრულ ქვეყანაში, მაგალითად მინსკში“.

ზახაროვამ თქვა, რომ ამის შესახებ საუბარი ნაადრევია, მით უფრო, საჯაროდ, თუმცა, მომავალი სხდომების ადგილის შესარჩევად მუშაობა გრძელდება.