დონალდ ტრამპმა ჩინეთში „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „უკრაინის ომი აშშ-ს არ ეხება“ და მეტიც, ისინი „ამითი დიდ ფულს შოულობენ“, რადგან უკრაინაზე იარაღს „ფასდაკლებების გარეშე ყიდიან“.
განცხადება მან ვლადიმირ პუტინთან ორმხრივ შეხვედრამდე გააკეთა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ხომ არ არიან უკრაინელები შეშფოთებული იმით, რომ პუტინთან შეხვედრისას, მათი მონაწილეობის გარეშე, შესაძლოა გარკვეული შეთანხმებები ან გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.
„არა, ამას არ გავაკეთებ“, – უპასუხა ტრამპმა.
კითხვაზე, ესაუბრა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა მოუწევთ.
„მათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა მოუწევთ. ამ ორ ადამიანს ერთმანეთი სძულს, მაგრამ შეთანხმება უნდა შეძლონ. მე ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სამხედრო აღჭურვილობას ევროკავშირზე ყიდის, ევროპული ქვეყნები კი მას საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებენ.
„როგორც ვიცი, უმეტესწილად ეს აღჭურვილობა უკრაინას გადასცეს, მაგრამ ჩვენ მას ვყიდით“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით გადასცა. ამასთან, ტრამპმა უკრაინელი სამხედროების ბრძოლისუნარიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი კარგად იბრძვიან.
ტრამპის განცხადებით, უკრაინის ომი აშშ-ზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, რადგან ამერიკა სამხედრო აღჭურვილობას ევროკავშირს სრულ ფასად, ფასდაკლებების გარეშე აწვდის.
„შეიძლება ითქვას, რომ ამით დიდ ფულს ვშოულობთ. თუმცა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ომი ძალიან სამწუხარო და მძიმეა.
ჩინეთში ტრამპმა პუტინს მეგობარიც უწოდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე გამოეხმაურა ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებას. მან დაწერა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“.