ბერლინში უკრაინის მთავარი ევროპელი მოკავშირეები „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე იკრიბებიან. შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განხილვა და აშშ-ის შუამავლობით რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის უზრუნველყოფა.
შეხვედრას გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და იტალიის ლიდერები ესწრებიან. ბერლინში ასევე იმყოფებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომლებიც ევროპელ მოკავშირეებს ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ბერლინში ჩინეთში ტრამპის, სი ძიპინის და პუტინის შეხვედრების შემდეგ იმართება.
გერმანიის დედაქალაქშია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი განცხადებით, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ენდი ბერნემთან შეხვედრაზე უკრაინის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები და საჭიროებები განიხილა.
ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო რუსეთის „შაჰედის“ ტიპის დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლას, ენერგეტიკული სექტორისა და ინფრასტრუქტურის დაცვას, ასევე დიპლომატიურ ძალისხმევას.
„მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამ და ლიდერებთან ორმხრივმა შეხვედრებმა შედეგი მოიტანოს“, – დაწერა მან X-ზე.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შედეგი ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს.
„ამ ომის შედეგი ევროპაში უსაფრთხოებას დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს. პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ უკრაინაში მშვიდობის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში“, – განაცხადა მერცმა.
ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობა აუცილებელია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების მეგობარი არ არის და არც არასდროს იქნება. მისი ეს განცხადება დონალდ ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებას მოჰყვა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის სურვილი, შეხვდეს პუტინს. მისი შეფასებით, ჩინეთში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი შესაძლოა კიდევ უფრო გათამამდეს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის კარგი ნიშანი მსოფლიო მშვიდობისთვის. ეს არ არის კარგი ნიშანი უკრაინისთვის და, შესაბამისად, ვფიქრობ, ამის შედეგად ის ჩვენ, ევროპელებს, კიდევ უფრო ძლიერად დაგვარტყამს“, – განაცხადა ფრედერიკსენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„მხოლოდ ძალის მეშვეობით შეგვიძლია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და შევინარჩუნებთ რუსეთზე სრულ ზეწოლას. ევროპა ძლიერი და ერთიანია“, – დაწერა X-ზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა.