ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში, მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორს კი კვლავ ეძებენ. მცირეწლოვანი თაია კი ცოცხალი გადარჩა.
ფონიჭალაში კორპუსის ერთი ფლიგელი, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაინგრა. შს მინისტრის ცნობით, პირმა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, უწყებას უთხრა, რომ ღამით გაზქურა ვერ აანთო, ეგონა, რომ ჩაკეტა, დილით ჩართვა რომ სცადა, ბინაში ცეცხლი გაჩნდა, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა.
ნგრევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, სავარაუდოდ, ეს ის პირია, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მას მძიმე დიაგნოზი აქვს, დამწვარია სხეულის 87%.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამის შესახებ ადგილზე მყოფმა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
როგორც პროკურორმა მედიას უთხრა, სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც მოცემულობა იძლევა, შესაბამის მოქმედებებს ატარებენ გამომძიებლებიც და კორპუსის მცხოვრებთა მონაცემებს ადგენენ.
„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს… ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, მუშაობს სამაშველო სამსახურიც“, – თქვა ვეფხვაძემ.