კომუნიკაციების კომისიამ „ტვ იმედი“ და „რუსთავი 2” „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 2500-2500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ტელეიმედი“ და „რუსთავი 2” „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხს ეხება  2500-2500 ლარით დააჯარიმა. Comcom-ის თქმით, ტელევიზიებმა 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ – მე-5 პუნქტი დაარღვიეს.

მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში 12-14 ოქტომბერს ტელეკომპანიის ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები შეამოწმა. მომხსენებელთა თქმით, მაუწყებლები პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე აშუქებდნენ ახალ ამბებს, ხოლო სავარაუდო დარღვევად შემდეგი ფრაზები მოიყვანეს:

ტვ იმედი: „პრობლემა დიპლომატისგან ცეკვით გამოხატულ პოლიტიკურ განაცხადშია. პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ამჯერად ევროპის დღეების ფარგლებში დააფიქსირა, როცა კახეთში ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის ის ჯგუფი შეარჩია, რომელიც სცენიდან უკვე წლებია საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს აგინებს“; „როცა შალვა პაპუაშვილი ამას ამბობს, მას არგუმენტებიც ბევრი აქვს“; 

„გვარამიას ეს ზედმეტი თვითდაჯერება და პოლიტიკური ანალიზიც როგორც მოსალოდნელი იყო იმაზე ფუჭი აღმოჩნდა, ვიდრე, ალბათ, ამ პროგნოზისას თავად იფიქრებდა“; „ქართული ოპოზიცია უკვე წლებია იმედით სწორედ გარე აქტორებს შეჰყურებს და შველასაც მათგან ელის, თავად კი მთავარ საქმედ მცირერიცხოვანი ელექტორატის ილუზიებში ყოფნა აქციეს“; „მძიმე თავად ოპოზიციური რეალობაა იმდენად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა საკუთარ ევროპელ მეგობრებთან დაპირისპირებაში შედის“; „ცრუ დაპირებები ოპოზიციის ელექტორატმა უკვე ბევრჯერ ნახა, ასეა ყველა არჩევნების წინ, გაფორმებულ მარცხამდე წუთებით ადრეც კი ხელისუფლების ოპონენტები წლებია ამომრჩეველს საკუთარ გამარჯვებაში არწმუნებენ, მერე მორიგი იმედგაცრუება დგება“.

რუსთავი 2 (სს „მედია ჰოლდინგი”): „დიალოგის ჩაკეტვით ბრიუსელი არა მხოლოდ ბერკეტს კარგავს, არამედ მისი გავლენებიც დასუსტებულია რეგიონში“, „კლასტერების გახსნაზე მეტად ევროპას საკუთარ კონტინენტზე სხვა ბევრად დიდი გამოწვევები აქვს დასაძლევი“, „მუდამ საგარეო წნეხზე დამოკიდებული ოპოზიცია“, „კრიტიკა სახის შენარჩუნებისთვის“, „ევროკავშირი საკუთარი რიტორიკის მძევალია“, „საქართველო პარადოქსშია, ევროკავშირი კი საკუთარ ხაფანგში“.

კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ 2026 წლის 6 მარტს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელების გამო „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა, გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ ქვეყანაში წელიწადზე მეტია ცვლილებები მოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, თუმცა მიუხედავად მისი არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.

8 აპრილს კომუნიკაციების კომისიამ პირველ ჯერზე წერილობითი გაფრთხილება მისცა ტელევიზიებს. თუკი წერილობითი გაფრთხილებიდან 1 წლის ვადაში მაუწყებელი იმავე ხასიათის დარღვევას ჩაიდენს, ჯარიმა 2 500 ლარს შეადგენს და ის ყოველ მომდევნო ჯერზე იზრდება. ამასთან, სანქციების მომდევნო ეტაპები მაუწყებელთათვის ავტორიზაციის შეჩერების შესაძლო საკითხსაც განიხილავს.

ამ დროისთვის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც მაუწყებლის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს ეხება, წერილობით გაფრთხილებებთან ერთად, თითო-თითო 2 500-ლარიანი ჯარიმა აქვს „რუსთავი 2″-ს, „იმედსა” და POSTV-ის, ორი ჯარიმა (2 500 და 5 000-ლარიანი)  TV პირველსს, ხოლო 3 ჯარიმა ( 2 500, 5 000 და 10 000-ლარიანი) – „ფორმულას”.