ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გასამართად რუსეთში 3, 11 და 22 დეკემბერს ჩასვლას გეგმავს. როგორც თქვა, იმედოვნებს, რომ სომხეთი რუსეთთან ურთიერთობებში „მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას შეძლებს“. დაგეგმილი ვიზიტები მას შემდეგ გაიმართება, რაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ/კუხო) სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეუჩერა.
ეს გადაწყვეტილება ერევნისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სომხეთმა ორგანიზაციისთვის შენატანების გადახდა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ОДКБ/კუხომ 2021 და 2022 წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული შეჭრის საპასუხოდ სამხედრო დახმარების თხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალენ სიმონიანმა მიღებული დახმარების არარსებობა 12 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვასთან პოეტური ფორმით გამართულ სიტყვიერ დაპირისპირებაში გააკრიტიკა. ეს ОДКБ/კუხოს-ის გადაწყვეტილების გამოცხადების მომდევნო დღეს მოხდა.
ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბოლო შეხვედრა 1 სექტემბერს გაიმართა და სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით მხარეებს შორის ღია უთანხმოებით დასრულდა. პუტინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სომხეთს რეფერენდუმი ჩაეტარებინა და არჩევანი გაეკეთებინა ევროკავშირსა და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (EAEU) შორის გაეკეთებინა. თავის მხრივ, ფაშინიანმა ეს მოწოდება უარყო და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებისთვის საკითხი ჯერ „საკმარისად მომწიფებული არ არის“. სომხეთის ლიდერი მუდმივად აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მოგვიანებით რეფერენდუმზე გაიტანს.
მოლაპარაკებების შემდეგ ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრას „ძალიან კარგი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმდნენ, მოსკოვში მისი მომავალი ვიზიტის დროს „გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი“ გაეგრძელებინათ.
ფაშინიანმა რუსეთში დაგეგმილი ვიზიტების თარიღები 13 ნოემბერს, დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში ექსპერტებთან შეხვედრისას დაასახელა. ის ირლანდიის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
„ჩვენი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება არ არის. არ გვინდა, რუსეთს პრობლემები შევუქმნათ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს სომხეთისთვის პრობლემების შექმნა, ფაშინიანმა გაიცინა და უპასუხა: „ვინ იცის?“ შემდეგ კი დაამატა: „იმედი მაქვს, ეს რუსეთის განზრახვა არ არის“.
ფაშინიანმა ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება რუსეთთან კავშირების გაუარესებას არ ისახავს მიზნად.
ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი და დასძინა, რომ მისი მთავრობის მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო და კვლავაც არის სომხეთის მოქალაქეებისთვის ალტერნატივის შექმნა.
„დიდი ხნის განმავლობაში, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაშიც, არსებობდა აღქმა, რომ სომხეთს ალტერნატივა არ გააჩნდა. […] ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმაც კი [ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკომ] საჯაროდ განაცხადა, რომ სომხეთს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გარდა წასასვლელი არსად ჰქონდა. ამ განცხადებამ კი გარკვეული პოლიტიკური პროცესები გამოიწვია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია სომხეთი 20 წლის შემდეგ, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ქვეყანა „ევროკავშირის შემადგენლობაში“ წარმოუდგენია.
ეს განცხადება ფაშინიანის ნოემბრის დასაწყისში გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა, როდესაც მან პირველად დაასახელა სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესაძლო წარდგენის ვადები. მისი თქმით, ქვეყანას ოფიციალური განაცხადის შეტანა 2027 ან 2028 წელს შეუძლია.
ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები რამდენიმე საკითხის გამო კიდევ უფრო დაიძაბა. მათ შორისაა რუსეთის მიერ აპრილიდან სომხური ექსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვები, რომელთა მიზეზადაც მოსკოვი სანიტარიულ მოთხოვნებს ასახელებს. უთანხმოების კიდევ ერთი საკითხია სომხეთის რკინიგზის მომავალ მართვასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. რკინიგზას ამჟამად „რუსეთის რკინიგზა“ მართავს 2008 წელს გაფორმებული 30-წლიანი კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე.
დაძაბულობა ასევე უკავშირდება სომხეთის წევრობას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ნოემბრის დასაწყისში ОДКБ/კუხო-მ სომხეთს საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო ორგანიზაციაში ხმის მიცემისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების წარდგენის უფლებები შეუჩერა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.