ფონიჭალაში, იმ ბინის მფლობელის, სადაც აფეთქება მოხდა, ილია ისაევის მამა, ემზარ ისაევი, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ბინაში არანაირი გამათბობელი არ ყოფილა – მხოლოდ ცენტრალური გათბობა და გაზქურა.
ემზარ ისაევი კითხვებს სვამს აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით და ეჭვქვეშ აყენებს გაზქურასთან დაკავშირებულ ვერსიას. მისი განმარტებით, გაზქურას უსაფრთხოების ავტომატური სისტემა აქვს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის შემთხვევაში გაზის მიწოდებას წყვეტს. ამასთან, მისივე თქმით, აფეთქება არა გაზქურის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ საძინებელში მოხდა.
19 ნოემბერს, როგორც მედიას შინაგან საქმეთა მინისტრმა განუცხადა, აფეთქების მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.
„მე სახლში არანაირი გამათბობელი, როგორც ისეთი, არ მქონია, არც მეყენა და თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა და გაზქურა.
ცენტრალურ გათბობას რაც შეეხება, ჩემი ბიჭი არც ცდილობდა იმის ჩართვას. გაზქურის ჩართვა და საჭმელის გაკეთება უნდოდა. ხოდა, გაზქურა კიდე ესეთია, ბოშის, ცეცხლი თუ არ უკიდია კიდე ის კეტავს.
კითხვები მაქვს, იმიტომ, რომ გაზქურა ერთ კუთხეში იყო, მარჯვენა კუთხეში იყო მოშენებაში, აფეთქება მოხდა ე.წ ზალაში, საძინებელში, ის ჩაინგრა. რანაირად, სახურავმაც მანდ ამოხეთქა, რანაირად ეს მაინტერესებს.
იცით რა, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და „აწვებოდა” გამათბობელს და არ მქონდა გამათბობელი, ღიად რომ დაეტოვებინა გაზქურა, ის კეტავს გაზს, არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო, მით უმეტეს, შემოწმებული რომ ჰქონდა, თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არაა. ძაან ცუდი ლაპარაკი მიდის, რომ ჩემი ბიჭი დამნაშავეა. ის იგივე დაზარალებულია, როგორიც სხვები” – ამბობს ემაზარ ისაევი „ფორმულასთან” ინტერვიუში.
ისაევის მამა ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახი პერიოდულად ჩადიოდა ბინაში და, მისი თქმით, გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ყოველთვიურად სტუმრობდნენ საცხოვრებელს.
„ვიზიარებ მწუხარებას ყველა დაღუპულის გამო, დაზარალებულებისთვის. ძაან გული მტკივა რაც მოხდა. ჩემს შვილზე მინდა ვთქვა ჯერ უპირველეს ყოვლისა, არც მკვლელია, არც ტერორისტი არ არის. სრულიად ადეკვატური ადამიანი იყო, კი, ჰქონდა მაგას ტრამვა, ყველამ იცის რა ტრამვაც ჰქონდა, მაგრამ სრულიად ადეკვატური, სრულიად გულკეთილი და ძაან თბილი ბავშვი იყო.
ბოლოს იყო სექტემბერში, ერთი კვირის განმავლობაში, სადღაც 10 დღის, ალბათ. პენსიის გასანახლებლად იყო ჩამოსული, მაქვს ამონაწერი, შეიძლება პოლიკლინიკაშიც ნახონ, დენის ამონაწერებშიც, ბაზის ამონაწერებში შეიძლება, შემიძლია დავადასტურო. გადაღებული ჰქონდა სოჩიკი და მრიცხველს ვიღებდი როცა ჩავდიოდი პერიოდულად.
მანამდე ზაფხულში უფროსი ბიჭი იყო ჩასული. იანვარშიც ვყოფილვარ სადღაც, ნუ სამი დღე შეიძლება. შარშან, მარტის აქეთ თითქმის ყოველ თვე ვიყავი და გადახდებიც მქონდა” – ამბობს ახალგაზრდა კაცის მამა „ფორმულასთან”.
31 წლის მამაკაცის, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და რომელსაც სხეულის 87% აქვს დამწვარი, მამა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა და ამ დრომდე რაიმე გაუმჯობესება არ შეინიშნება.
20 ნოემბერს ენერგოომბუდსმენმა ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმის შესწავლა დაიწყო.
ენერგოომბუდსმენის თქმით, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, არ გამოიყენებოდა.
ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი – ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. ხოლო, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
19 ნოემბერს ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.