„მეგრელი ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს, შენ რომ ხარ“ - რატომ გააძევეს გვარამია პარტიების აკრძალვის პროცესიდან

პუბლიკა

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია პარტიების აკრძალვის პროცესიდან კვლავ გააძევეს. გაძევებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება პლენუმის თავმჯდომარესთან, რევაზ ნადარაიასთან.

„სამარცხვინო კაცი ხარ, რეზო“, „ზედმეტის უფლებას აძლევ თავს და უზრდელობებს მეუბნები“ – ამ ფრაზების ფონზე დაატოვებინეს გვარამიას დარბაზი.

რაზე დაიწყო დაპირისპირება

დღევანდელ პროცესზე პარტია „ახალის“ წარმომადგენლები შეკითხვებს უსვამდნენ „ქართულ ოცნებას“.

გვარამიას ბოლო შეკითხვა იყო: „რაში ეწინააღმდეგება ჩემი პარტია დემოკრატიულ სტანდარტებს“, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა პასუხის გაცემა დაიწყო შემდეგი ფრაზით:

„ამ კითხვაზეც არაერთხელ მაქვს პასუხი გაცემული“, შემდეგ კი ისაუბრა არჩევნების ბოიკოტზე და „ძალადობრივ აქციებზე“.

ამ პასუხის მოსმენის შემდეგ ნიკა გვარამიამ დაიწყო განმარტება, რომ კონსტიტუციის დარღვევას სჭირდება დანაშაულებრივი მიზანი. მან იკითხა, როგორ დადგინდა „ახალის“ დანაშაულებრივი მიზანი.

კახიანის განმარტებით, „მიზანი გამოიხატა კონკრეტულ ფაქტებში“ და ამ „ფაქტებს“ შორის კვლავ დაასახელა „ძალადობრივი აქციები“ და გვარამიას პარტიის მხარდაჭერა ამ აქციებს.

„რა ვთქვი ახალი, რაც აქამდე არ მითქვამს?“, – იკითხა კახიანმა, რასაც პლენუმის თავმჯდომარე დაეთანხმა.

გვარამიამ ეს გააპროტესტა – მისი თქმით, კითხვების უმეტესობის დასმას ვერ ახერხებს, ერთსა და იმავე შეკითხვებს კი იმიტომ სვამს, რომ მოსარჩელე არ პასუხობს.

სწორედ აქედან დაიწყო რევაზ ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება.

გვარამიამ ნადარაიას უთხრა, რომ მას შეუძლია, მოსარჩელეს შეკითხვებზე პასუხის გაცემა „დააძალოს“, რაზეც ნადარაიამ უპასუხა, რომ „სასამართლოს ნუ ასწავლის, რა შეუძლია და რა – არა“ – „თქვენი ადგილი იცოდეთ“, – მიმართა მან გვარამიას.

„თუ მხარის პასუხიდან, თქვენი შეფასებით, არ გაიცა პასუხი, შეგიძლიათ, ამას შეფასება მისცეთ, რასაც თავისთავად სასამართლო შეფასებას მისცემს.

როცა ერთსა და იმავე შეკითხვას დასვამთ სიტყვათა სხვადასხვა წყობით, ამას მოხსნის სასამართლო, გაცალეთ ამდენი ხანი, მაგრამ ერთი და იგივე პასუხებიც აზრს კარგავს“, – მიმართა მან გვარამიას.

ნიკა გვარამია დაინტერესდა, „საიდან დადგინდა სტანდარტი, რომ შეუძლია მოსარჩელეს, რომ არ უპასუხოს და მერე მხარემ შეაფასოს, რომ არ უპასუხა“. გვარამიას თქმით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი არ არის.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტები უნდა დაადგინოს. თუ საერთო სასამართლოებიდან გადმოყოლილი სტანდარტით ცდილობთ, ჩემთან იმსჯელოთ, ეს არაა საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტანდარტი. ფაქტის დადგენას არ აპირებთ არაფრის, არც მოსარჩელემ არ დაადგინა, ერთი მოწმე არ ყავს დაკითხული და ერთი მტკიცებულება არ აქვს გამოთხოვილი და სასამართლო ზედ ამატებს იმას, რომ არაფერს რომ არ პასუხობს მოსარჩელე, მე მეუბნებით, რომ არ მოგცემთ…

მე არ მიმაჩნია თქვენი დამოკიდებულება სამართლიანად და კანონის შესაბამისად. ჩაშლილია ორივე სტადია და ზედ მიაყოლეთ კითხვა-პასუხის სტადიის გაუქმება. კითხვა-პასუხი არის პაექრობა. მე და მოსარჩელე ვარკვევთ ამ ურთიერთობას და თქვენ რატომ ეხმარებით? შეიძლება, რომ მხარე ყველაფერზე ამბობდეს, რომ შეკითხვა მეათეჯერ დაისვა?“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, პლენუმმა გააუქმა მტკიცებულებების გამოკვლევის სტადია.

ნადარაიამ გვარამიას შეაწყვეტინა და ჰკითხა: „რაში ვეხმარებით, აბა?“

„ვერ ადასტურებთ, რომ მხარეს ვეხმარები. ის, რასაც თქვენ ამბობთ, არის სიცრუე. სასამართლოს არანაირი სტადია არ გაუუქმებია. სასამართლო არ უნდა ჩაერიოს [მხარეთა კითხვა-პასუხში]? ეს ალბათ თქვენი სამართალია და თქვენთვის დაიტოვეთ. სასამართლო უნდა ჩაერიოს ზუსტად და სასამართლომ უნდა აკონტროლოს, რომ არ ჰქონდეს ადგილი ერთსა და იმავე შეკითხვებსა და პასუხს. თქვენ ითხოვთ, რომ მოგენიჭოთ უპირატესობა და ეს არ არის სასამართლოს ვალდებულება. ითხოვთ, რომ დავაძალოთ მოსარჩელეს, გაგცეთ პასუხი. მხარის პასუხი არის ის, რაც არის. თქვენ უნდა შეაფასოთ დასკვნით სიტყვაში და თუ არ ეთანხმებით, დაიტოვეთ თქვენთვის… დაკითხვა და ხელების გადაგრეხვა აქ არ არის, მხარეს რომ ეუბნებით, გინდა თუ არა, მე რა პასუხიც მინდა, ის გამეცითო. თქვენ მიმართ ეს რომ განეხორციელებინა, წარმოიდგინეთ, რა ტიპის განცხადებები გაკეთებოდა. თქვენ უკვე თქვით თქვენი სათქმელი ზედმეტად ემოციურად. იტყუებით…“, – მიმართა ნადარაიამ გვარამიას, რასაც გვარამიას პროტესტი მოჰყვა:

პროცესიდან გასული ხართ, სიტყვები შეარჩიეთ, როცა მელაპარაკებით. „იტყუები“, „სიცრუეა“ „ყვირი“ – ზედმეტის უფლებას აძლევთ თავს. თქვენ მოსამართლე ხართ და საპროცესო შესაძლებლობები გაქვთ, რომ ჩემთან ილაპარაკოთ, მაგრამ ეს არ არის თქვენი საქმე რასაც აკეთებთ. ნურც ლექციას მიკითხავთ და ნურც უზრდელურ რაღაცებს მეუბნებით, გასაგებია თქვენთვის?“, – მიმართა გვარამიამ ნადარაიას, რაზეც დაპირისპირება გამწვავდა.

ნადარიას შეფასებით, ეს იყო „თავხედური და უზრდელური განცხადებები“.

„გთხოვთ, მოიქცეთ ისე, როგორც მანტიას შეეფერება. ასე მოქცევა არ შეიძლება სასამართლოში. რა ლექსიკონსაც თქვენ იყენებთ, ეს არ არის მოსამართლის ლექსიკონი. ეს არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მანტიის ღირსების დაცვა. თქვენ მე მირჩევთ საქმეს და არ შეიძლება ადამიანს – კაცმა კაცს ასეთი რაღაცები ელაპარაკოს. თუ მიგაჩნიათ, რომ პროცესს ვარღვევ, მოგეცათ პროცესუალური განმარტებები. რომელი პროცესუალური განმარტებაა „იტყუები“, „სიცრუეა“, „ის ქენი, ეს ქენი“?!“ – მიმართა გვარამიამ ნადარაიას.

ნადარაიას თქმით, გვარამიამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და პროცესიდან გააძევა. „თქვენი ადგილი დარბაზში არ არის“, – მიმართა მან გვარამიას.

„ლამის მაგინებთ პროცესზე და კიდე მე მაძევებთ?! თქვენი ადგილი არ არის ამ დარბაზში, სასამართლო სისტემაში! ამნისტირებული ადამიანი მაინც არ დამიჭერია! სამარცხვნო კაცი ხარ! მეგრელი ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს, შენ რომ ხარ! ისეთი წალენჯიხელი ხარ შენ, როგორც მე ვარ ჩინელი! მოვა დრო და პასუხს მოგთხოვ ამაზე! როგორ ამნისტირებული კაცის დაჭერაზე მოგეთხოვება პასუხი, ისე მოგეთხოვება ამაზეც! სირცხვილია, რასაც აკეთებ! სირცხვილი და თავის მოჭრა! ქვეყნის დაღუპვაა, რასაც შენ შვები! არ შეგრჩება ეგ ნაძირლობა, დაელოდე“, – მიმართა გვარამიამ ნადარაიას.

„გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან!“ – პასუხობდა გვარამიას განცხადებებს რევაზ ნადარაია.

გვარამიას სხდომიდან გაძევების შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების დროს გვარამიამ კოალიციის სახელით მედიასთან განცხადება გააკეთა, რომ გუნდი დღევანდელ სხდომაზე აღარ დაბრუნდებოდა. მისი თქმით, ხვალინდელ სხდომაზე წარმოადგენენ საფუძვლებს რევაზ ნადარაიას აცილების შუამდგომლობისთვის.

„ბატონი ნადარაია მთელი ამ კვირების განმავლობაში, რაც მიდის პროცესი, ყველა ხედავს ალბათ, რომ იგი ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებას და კიდევ უფრო გასაოცარ არაკომპეტენტურობას.

ამ კაცს არ ესმის, რომ რომელი სასამართლოს მოსამართლეა – თავი ჰგონია კვლავ სისხლის სამართლის სასამართლოს ზონდერი და ზუსტად ასე იქცევა.

მისი კომპეტენცია არის უბრალოდ წარმოუდგენლად დაბალი საკონსტიტუციო სამართალში და გასაგებია, რატომ დანიშნეს იგი რამდენიმე კვირით ადრე ამ სარჩელის ჩანიშვნამდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – რევაზ ნადარაია არის მივლენილი ზონდერი პარტიების გასაუქმებლად.

მისი დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი ტერორისა და არა მხოლოდ სამართლებრივი ტერორის ქვეშ ამ ქვეყანაში, მოგეხსენებათ.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ვითმენთ, წარმოუდგენელ თავდასხმებს ვითმენთ – როგორც სამართლებრივ-პროცესუალურს, ასევე პირადს, და ვცდილობთ, რომ პროცესი მივიყვანოთ რაღაცნაირად ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს ამ პროცესის შემდგომ რა გაგრძელება იქნება, და ამას ნახავს საზოგადოება.

ამიტომ ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავიაროთ, მაგრამ საპროცესო სტადიების გავლის საშუალებასაც არ გვაძლევს მოსამართლე ნადარაია და მასთან ერთად პლენუმი, სამწუხაროდ, ამ სასამართლომ გააუქმა მთელი ერთი სტადია ვითომ ეს არის მტკიცებულებების გამოკვლევა ვითომ დათქმით რომ კითხვა-პასუხზე შევძლებდით კიდევ მტკიცებულებების გამოკვლევას და საქმე იმაშია, რომ კითხვა-პასუხიც მიაყოლა, როგორც გაუქმებული.

არცერთ პასუხს არ იძლევა მოსარჩელე – ყველაფერზე ამბობს, წადი, ნახე სარჩელიო; სრულიად არარელევანტურ პასუხებს იძლევა და მათთან ერთად მოსამართლე პრაქტიკულად ხსნის ყველა შეკითხვას, მაშინ, როდესაც მისი ვალია თუ პასუხს ვერ იღებს, თავნებობისა და თავხედობის გარდა, მოსამართლეს უფლება კი არა, ვალდებულება აქვს, რომ მოსთხოვოს მას პასუხი.

ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ფაქტებზე, ჩვენ აქ არ გვაძლევთ ფაქტს – როგორ უნდა დავიცვათ თავი?! ჩვენ დღემდე არ ვიცით, რას გვედავებიან – კონკრეტული ქმედებები ან უნდა უარვყოთ, ან დავადასტუროთ როცა მოსარჩელე გვეუბნება, რომ არ გეუბნები, რა ქმედებაში გედება ბრალი, და მოსამართლე ჰყვება, რომ: „იცი რა, ჩაწერე საბოლოო სიტყვაში – რომ ესე გვითხრა მოპასუხემ”, მერე ვნახავთ გადაწყვეტილებას, სადაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება“ და მერე რა?! მე რას ჩავწერ სიტყვაში, რა მნიშვნელობა აქვს ნადარაიასთვის, საერთოდ რასა აქვს მისთვის მნიშვნელობა?!

ჩვენ ვიცით მისთვის რასაც აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც, და ხვალ აქ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძველზე. ეს იქნება ხვალ, მანამდე აქ ჩვენ არ შევალთ, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ფარსი და აქ პროცესი არ მიმდინარეობს – არ მიმდინარეობს. სანამ ბატონი ნადარაია აქ ზის, მანამდე აქ პროცესი არ იქნება, ფორმალური პროცესიც კი არ იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სხდომის განახლების შემდეგ რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან კოალიციის არც ერთი წარმომადგენელი პროცესზე აღარ დაბრუნდა, სასამართლო გადავა შემდეგ ეტაპზე და შეკითხვებს „ლელო“ დასვამს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოსამართლეს განუმარტეს, რომ კოალიციის ლიდერის გაძევების შემდეგ გუნდს დრო სჭირდებოდა ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად და ხვალინდელ პროცესზე განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, რაზეც ნადარაიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მათ შეეძლოთ, სასამართლოსთვის ეთქვათ და სხდომის გადადებაც მოეთხოვათ.

„ჰყავდათ კიდევ სამი წარმომადგენელი. იმედია მხოლოდ გვარამიაზე არ არიან ისინი დამოკიდებულები. მათ შეეძლოთ მობრძანებულიყვნენ, გაეგრძელებინათ შეკითხვების დასმა და ვინაიდან, არ იყენებენ თავიანთ საპროცესო უფლებებს, სასამართლო გადავა პარტია „ლელოსთან“ და მისცემს შეკითხვებს…

გამოვლენილი უპატივცემულობის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ დაკარგეს ინტერესი, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები მოსარჩელე მხარეს“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

საბოლოოდ, სხდომა „ლელოს“ თხოვნის საფუძველზე გადაიდო. პროცესი ხვალ 12:00-დან განახლდება.