ევროკომისიამ რუსეთის აგრესიულ ომში მონაწილე მოქმედი და ყოფილი მებრძოლებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის აღსრულების განახლებული სახელმძღვანელო პრინციპები მიიღო. ახალი წესები ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის გამკაცრებას, არაბიომეტრიული რუსული პასპორტების აღიარებაზე უარის თქმას და რუსი სპორტსმენებისა და ხელოვანების მიმართ დამატებით შეზღუდვებს.
ევროკომისიის განმარტებით, ზომების მიზანი რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული პირების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აღკვეთა და ევროპული უსაფრთხოების დაცვაა. ინიციატივა ევროკავშირის სანქციების 22-ე პაკეტის შეთავაზებასთან ერთად წარადგინეს.
აკრძალვა შეეხება იმ პირებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ან მათთან დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებში მსახურობენ ან მსახურობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. შეზღუდვა გავრცელდება სხვა ეროვნების მებრძოლებზეც, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, წევრ სახელმწიფოებში რუსული ოპერატიული საქმიანობის ზრდის ფონზე, სავიზო აკრძალვა ევროპის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია.
„ევროკავშირში შესვლა დახურული უნდა იყოს მათთვის, ვინც ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის მიერ მიღებული სახელმძღვანელო პრინციპები წევრ სახელმწიფოებს რუსი მებრძოლების იდენტიფიცირებისთვის დამატებით ინსტრუმენტებს სთავაზობს. მათ შორისაა კითხვარი სამხედრო სამსახურის შესახებ, პირის მიერ შევსებული დეკლარაცია და სამხედრო ბილეთის მსგავსი დოკუმენტების მოთხოვნის შესაძლებლობა.
ახალი წესების მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემისას განსაკუთრებით მკაცრი მიდგომა უნდა გამოიყენონ. ევროკომისია ასევე მოუწოდებს მათ, აღარ აღიარონ რუსეთის არაბიომეტრიული პასპორტები, რადგან ისინი გაყალბებისა და უსაფრთხოების მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.
გაძლიერდება შენგენის ზონის გარე საზღვრებზე რუსეთის მოქალაქეების შემოწმებაც. პროცედურა უნდა მოიცავდეს ინდივიდუალურ შეფასებას, გასაუბრებასა და შენგენის საინფორმაციო სისტემაში თითის ანაბეჭდების გადამოწმებას. ამასთან, წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, ქვეყანაში შესვლაზე უარის შესახებ ინფორმაცია სისტემაში შეიტანონ, რათა პირმა ევროკავშირში შესვლა სხვა სასაზღვრო პუნქტიდან ვერ შეძლოს.
შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს რუს სპორტსმენებსაც. სანქციების 22-ე პაკეტის შეთავაზება ევროკავშირში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში რუსეთის სახელმწიფოს სახელით მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. ამასთან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ შენგენის ვიზების გაცემაზე უარის თქმა იმ რუსი სპორტსმენებისთვის, რომლებიც ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობენ, სადაც რუსეთის დროშა, ჰიმნი ან ეროვნული ფორმა გამოიყენება.
ევროკომისია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ რუს ხელოვანებზე, რომლებიც კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობენ, რუსეთის ხელისუფლებისგან ფინანსდებიან და შესაძლოა, საკუთარი ცნობადობა უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად გამოიყენონ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის მოქმედი და ყოფილი მებრძოლებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა.
„რუსეთი ევროკავშირის წინააღმდეგ დივერსიულ კამპანიას აძლიერებს. სრულმასშტაბიანი სავიზო აკრძალვა, მისი მკაცრი აღსრულების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, ევროპას არ შეუძლია ურთიერთობების ნორმალიზება ქვეყანასთან, რომელიც კონტინენტზე უკანონო ომს აწარმოებს. კალასმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის ეროვნული სიმბოლოების გამოყენება სპორტულ ღონისძიებებში და ამას ფარისევლობა უწოდა.
ევროკომისიის განცხადებით, განახლებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალის მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთის მებრძოლებისთვის სავიზო აკრძალვის ამოქმედების წინადადება წარადგინა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო მიიღებს, რომელიც განსაზღვრავს, როდის შევა აკრძალვა ძალაში ევროკავშირის მასშტაბით.
ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები არ უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებსაც რუსეთის დატოვებისა და დაცვის მიღების ლეგიტიმური საფუძველი აქვთ. მათ შორის არიან უფლებადამცველები, დისიდენტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ჰუმანიტარული გამონაკლისები გათვალისწინებული უნდა იყოს იმ უკრაინელებისთვისაც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა იძულებით მიანიჭეს და შეუძლიათ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
2022 წელს ევროკავშირმა რუსეთთან ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების მოქმედება სრულად შეაჩერა. მას შემდეგ ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურების გამკაცრების დამატებითი ზომებიც მიიღო.