მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა – კარლ ჰარცელი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

„შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას. მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა. კანონპროექტის ჩავარდნამ სწორედ ეს დაგვანახა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარესთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის ლიდერთან; გაგრძელდება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან“, – განუცხადა ჰარცელმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ. 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, გარდამავალი მთავრობის პირობებში. ისინი აცხადებენ, რომ აქცია არ შეწყდება, სანამ მთავრობა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.