დღეს სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენლები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს ექიმს, ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.
როგორც სოლიდარობის აქციაზე შეკრებილმა ექიმებმა განაცხადეს, მათი მიზანია, მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა, რომ მსგავსი ფაქტების დაშვება არ შეიძლება.
„ჩვენი აქ შეკრება სიმბოლურია. აქ დავდეთ ჰიპოკრატეს ფიცი, რომ პაციენტს აღმოვუჩინოთ დახმარება საზღვრის აქეთაც და იქითაც. განსაკუთრებით, თუ ეს საზღვარი არის პირობითი. ის, რაც მოვისმინე და რის გამოც ისჯება ჩვენი კოლეგა, არის მისი ხასიათი, თვისება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ასეთი გმირები გავზარდოთ ჩვენ გვერდით. ექიმისთვის ყველაზე დიდი და ღირებული არის ზრუნვა პაციენტზე“, განაცხადა გაერთიანების თავმჯდომარემ, ნინო ოკრიბელაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი იმ ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად წავიდა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ამ დროისათვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ.
საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
– სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე;
– მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რათა დაიძლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და იქ მცხოვრებ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ საბაზისო საჭიროებები, მათ შორის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.