რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. მისი Covid-19-ის ტესტის შედეგები დადებითია. მინისტრი სახლშია და სახლიდან ატარებს თათბირებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით. შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ონლაინფორმატებში უძღვება”, – აღნიშნა მინისტრის პრესსპიკერმა.

მისი განცხადებით, ლუბიმოვას დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს და მისი ჰოსპიტალიზაცია არ განიხილება.

კულტურის მინისტრის გარდა, რუსეთის მთავრობაში Covid-19 დაუდგინდა პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს, მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევსა და მშენებლობის მინისტრის მოადგილეს – დიმიტრი ვოლკოვს.

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაუდგინდა 10 559 პირს. ჯამში, რუსეთში დაინფიცირებულია 165 929 ადამიანი. ხოლო გარდაცვლილია 1 537 ადამიანი, მათ შორის 86 ბოლო ერთ დღეში. ქვეყნის მასშტაბით, covid-19-სგან განიკურნა 21 327 მოქალაქე.