წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

პუბლიკა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, ვინაიდან კორონავირუსი დაუდასტურდა საკარანტინო ზონაში მყოფ პირს, რომელიც მანამდე აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, ინფიცირებული ქალი თეთრიწყაროდანაა და ის ექთანია. ლურსმანაშვილის კომენტარს „პირველი არხი” ავრცელებს.

ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, მას გუდაურში, საკარანტინო სივრცეში ყოფნის დროს, თავდაპირველად არც სწრაფი და არც „PCR “ ტესტის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ჩვენს კლინიკაში პაციენტი პნევმონიით შემოვიდა პირველ მაისს, ვუმკურნალეთ და პალატიდან გაეწერა 8 მაისს, რის შემდეგაც გუდაურის საკარანტინო ზონაში დაბრუნდა, სადაც მანამდეც იმყოფებოდა, რადგან ქალბატონი თეთრიწყაროდანაა და ის არის ექთანი.

[თანდაპირველად] კარანტინში ჩაუტარდა სწრაფი და „PCR “ კვლევა, თუმცა ორივეს პასუხი იყო უარყოფითი. მაგრამ რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჩვენთან გადმოყვანამდე ასევე იმყოფებოდა „ცხელების ცენტრში“, მცხეთაში, თუმცა ვირუსი არც იქ დაუდგინდა.

ამის შემდეგ, რადგან პაციენტს ჰქონდა ჩივილები, მოთავსდა ჩვენთან პნევმონიით, გავწერეთ და გადავიდა ისევ საკარანტინო ზონაში, რომლის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, საკონტროლო ტესტმა აჩვენა დადებითი პასუხი. ამის შემდეგ ჩვენი მედპერსონალი, 30 ადამიანი გადავიდა თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მედპერსონალის კვლევის პასუხები უარყოფითია.

„ისინი უკვე შემოწმდნენ „პისიარით“ და სწრაფი ტესტით. პასუხები უარყოფითია, თუმცა პროტოკოლის გათვალისწინებით, იზოლაციის პირობებში რჩებიან“, – დასძინა ზაზა ლურსმანაშვილმა.