როცა ბლოკირებას იწყებ, თავისთავად კლავ გზას დიალოგისკენ - რომან კაკულია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისიდან უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირებით ოპოზიცია დიალოგისკენ გზას კლავს.

„როცა ბლოკირებას იწყებ, თავისთავად კლავ გზას დიალოგისკენ. საბოლოოდ ჩვენი გამოსავალი არის ის, რომ ერთმანეთისკენ მიმავალი გზები ვიპოვოთ. პარლამენტის ბლოკირება არ შეიძლება, ეს თემა უნდა მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. კანონი ასახელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, როცა ხდება პარლამენტის ბლოკირება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შეიკრიბა ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ, მაშინ პარლამენტარებმა ქუდი უნდა დაიხურონ და წავიდნენ სახლში, თუმცა იქვე ჟურნალისტს კითხვა შეუბრუნა და განაცხადა, რომ „თუ ყოველი ათი ათასი ადამიანის გამოსვლის შემთხვევაში ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს, მაშინ არჩევნებს აქვს აზრი?“

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენა. სწორედ ამ მოთხოვნით იმართება დღეს აქცია პარლამენტთან, სადაც ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს. შენობის შესასვლელებს ბოქლომი დაადეს და განაცხადეს, რომ ბლოკირება 24-საათიანი იქნება და მოქალაქეები, რომლებიც ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ, პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.