შიმშილობის მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის” წევრია, შიმშილობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება ამის შესახებ მან აჭარის მაუწყებლის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ბორდმა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გათავისუფლებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ ეს ასე არ მოხდა, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბორდის დათხოვნის პროცესი დაიწყება.
ალექსანდრე მილორავა აჭარის მაუწყებელთან უკვე მე-15 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით შიმშილობდა და არაერთხელ მიმართა მაუწყებლის ბორდის წევრებს იმპიჩმენტის პროცედურის მოთხოვნით.
გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით განცხადება ბორდის სახელზე საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, გია ქარცივაძემ შეიტანა. რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოება ელოდებოდა, რომ ქარცივაძესთან ერთად იმპიჩმენტის მოთხოვნას ბორდის მეორე წევრი, თამარ წილოსანი შეურთდებოდა.
თამარ წილოსანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის აპირებდა ასეთი განცხადების შეტანას ტელევიზიის ბორდის სახელზე, თუმცა იმპიჩმენტის მოთხოვნის განცხადება დღემდე არ შეუტანია .