„ვინც მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, ფარისევლები არიან” , – ასე აფასებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებდა და ეხებოდა სამუშაო დროის ხანგრძლივობის დარეგულირებას, ზეგანაკვეთურ შრომასა და სამუშაო საათების აღრიცხვას.
„ვინც მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, ფარისეველია იმ თვალსაზრისით, რომ მადლობებს, რომ უხდიან ექთნებს, ექიმებს, სუპერმარკეტში დასაქმებულ ხალხს, ახლა ხომ მიხვდნენ, რომ ეს ადამიანები არსებობენ, ზოგადად. ფარისეველები არიან, რადგან ამ ცვლილებით ამ ადამიანების მდგომარეობა უმჯობესდებოდა იმიტომ, რომ მათი სამუშაო დრო დარეგულირდებოდა. ფარისევლები არიან, განცხადებებს რომ აკეთებენ, შრომის უსაფრთხოება აუცილებელია ამ ქვეყანაშიო. თუ შრომის პირობები არ იქნება გაუმჯობესებული, შრომის უსაფრთხოების დაცვა ავტომატურად ვერ მოხდება”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა „პუბლიკასთან” საუბრისას.
54 მომხრე, 4 წინააღმდეგი – პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამუშაო დროის ხანგრძლივობის დარეგულირებას, ზეგანაკვეთურ შრომასა და სამუშაო საათების აღრიცხვას ითვალისწინებდა.
ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი გუშინ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. დღეს კი კენჭისყრაზე პროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პროექტის პირველი მოსმენით მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოში შრომით ურთიერთობებში არსებულმა მანკიერმა პრაქტიკამ, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას, თავისუფლებას და ხშირ შემთხვევაში დასაქმებულს მისცა შესაძლებლობა შრომითი ექპსლუატაცია გაუწიოს დასაქმებულებს.
ბექა ნაცვლიშვილმა კანონპროექტი „დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალ გაერთიანებასთან” თანამშრომლობით მოამზადა.