არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას - გაბუნია კადიროვის მუქარაზე

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ის ვლადიმერ პუტინისა და რაზმან კადიროვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

„მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო. რა თქმა უნდა, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე და ამაზე ლაპარაკიც ხომ უკვე ზედმეტია. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, კიდევ ერთხელ, არანაირი ბოდიშის მოხდას. პოზიცია ზუსტად ისეთი მაქვს, კიდევ ცოტა ვთქვი მაშინ, რაც ვთქვი პუტინზე, უფრო მეტის თქმაც შეიძლებლოდა. მეტს მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ჩემში ვერაფერს შევცვლი, აქ ისევ სახელმწიფომდე მიდის საქმე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე” – აცხადებს გიორგი გაბუნია

15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც.

გვარამიას საპასუხოდ სუსმა განაცხადა, რომ ბრალდებული ვ.ბ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სუსში გამოკითხვაზე გვარამია და გაბუნია დაიაბრეს. გვარამიას ადვოკატის თქმით, იგი არ აპირებს დაკითხვაზე სუსში მისვლას უწყების მიმართ უნდობლობის გამო და გამოკითხვაზე მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით მივა. ამ დრომდე უცნობია მივა თუ არა გაბუნია მოწმის სტატუსით სუსში გამოკითხვაზე.


ჩეჩნეთის ლიდერი რაზმან კადიროვი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე კადიროვის დაკვეთით ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. მან სავარაუდო დანაშაულთან კავშირი უარყო. ასევე განაცხადა, რომ გაბუნიამ უნდა დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.

„ჩვენ არ დაგვიწყებია იმის შესახებ, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გაბუნია, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“ , – განაცხადა კადიროვმა.